logo

"ბარსელონა" 2010/11 - დეკადის საუკეთესო გუნდი

"ბარსელონა" 2010/11 - დეკადის საუკეთესო გუნდი

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა, 90mins.com-მა შემოგვთავაზა დეკადის 20 საუკეთესო გუნდის მიმოხილვა, რომელთა შორის ერთ-ერთი 2010/11 წლების სეზონის "ბარსელონა" გახდა. გთავაზობთ გვარდიოლას ფორმაციის "ბლაუგრანასადმი" მიძღვნილი სტატიის თარგმანს (სტილი დაცულია):

საკმაოდ გრძელი დეკადა გამოვიდა, არა?! "სამეფო კარის თამაშები" დაიწყო (და დამთავრდა), "მოსიარულე მკვდრებს" დაედო დასაბამი (და ალბათ ის არასდროს დასრულდება), გვქონდა საოცარი სამეფო ქორწილები, "ვარსკვლავური ომები" დაბრუნდა, რამდენიმე სახელმწიფომ უცნაურვარცხნილობიანი ლიდერი აირჩია და ყველა საფეხბურთო გუნდი ეცადა "ბარსასთვის" მიბაძვას,

2000იანი წლების დეკადა გვარდიოლას ფურორით დაიხურა. 2009 წელს "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრიპლეტი მოიგეს, რასაც ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალიც დაუმატეს. 2010-იანების სტარტი შედარებით მძიმე გამოდგა. კატალონიელებმა ლა ლიგაში კი იპირველეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან "ინტერის" მიერ იქნენ გამოგდებულნი, ხოლო კოპა დელ რეიზეც ამავე ეტაპზე განიცადეს კრახი. ჩანდა, რომ 2010/11 წლების სეზონი გარდამტეხი იქნებოდა.

გვარდიოლამ მის გარშემო მოარულ კითხვებს გენიალურად უპასუხა. იმ "ბარსამ" სერ ალექს ფერგიუსონს ათქმევინა, რომ ეს იყო საუკეთესო გუნდი, რომელსაც შოტლანდიელი გენია ოდესმე შერკინებია. ბუნებრივია, რომ ამაში უდიდესი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა.

2010 წლის ზაფხულში "კამპ ნოუ" დატოვეს ტიერი ანრიმ, იაია ტურემ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და წყალში გადაყრილი თანხის ყველაზე დიდმა მასამ - დმიტრი ჩიგრინსკიმ. საბოლოო ჯამში, "ბლაუგრანას" შემოსავალმა 67 მილიონი ევრო შეადგინა. "ბარსელონამ" ეს ინვესტიცია დავიდ ვილიასა და ხავიერ მასკერანოში დააბანდა, რაც დიდებული სვლა გამოდგა.

დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ალბათ ამით ყველაფერი ნათქვამია. ჯერ კიდევ ჭაბუკი დავიდის ლიდერობით ელიტაში ახლადაღზევებულმა "სარაგოსამ" ესპანეთის სამეფო თასი მოიგო გზად "რეალიც" და "ბარსაც" ჩამოიშორა. არაგონაში გატარებული 2 წლის შემდეგ იგი "ვალენსიამ" დაიმატა. ვილიამ კოპა დელ რეი "ღამურებშიც" მოიპოვა. იგი გახდა კლუბის საუკეთესო მეგოლე ზედიზედ 5 სეზონში და საუკეთესო ესპანელის წოდებაც დაიმსახურა. იმ ზაფხულს, როცა დავიდი "ბლაუგრანამ" შეიძინა, მან მსოფლიო ჩემპიონატიც ტრიუმფით დაასრულა.

ბევრისთვის ადვილია, რომ ვილია ტიერი ანრიზე, სამუელ ეტოოსა ან ლუის სუარესზე დაბლა დააყენოს იმ თავდამსხმელთა რიგში, რომლებსაც "ლა პულგას" გვერდით უასპარეზიათ. ვიმეორებ, ეს ადვილია, მაგრამ არასწორი.

სიურპრიზი! დავიდი თავის პირველ კატალონიურ სეზონში ჯოჯოხეთურად მაგარი იყო! მან ლა ლიგაში 18 გოლი გაიტანა თან ისე, რომ ერთი პენალტიც კი არ შეუსრულებია, მაგრამ ეს ბრწყინვალე მაჩვენებელი მესი-რონალდუს ჯამურმა 72-მა შედეგიანმა დარტყმამ გადაფარა. ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" საკვანძო მომენტებშიც დიდ დახმარებას უწევდა.

მოქმედი ჩემპიონებისთვის სეზონი ბრუტალურად დაიწყო - გასვლაზე მათ "რასინგი" გაანადგურეს. "ბლაუგრანას" მხრიდან გოლები ვილიამ, მესიმ და ინიესტამ შეაგდეს. უკვე კარგია, არა? მომდევნო კვირას "ბარსა" ახლადდაწინაურებულ "ჰერკულესთან" შინ დამარცხდა - 0:2. ამ მატჩის შემდეგ შესაძლოა ყველაფერი ცუდად წასულიყო, მაგრამ კატალონიელებმა ჯერ "ვისენტე კალდერონზე" იძალეს - 1:2, შემდეგ კი ბრწყინვალე სერია გამოაცხეს: 19 მოგება, 1 ფრე. ამ ოც ლა ლიგურ შეხვედრაში "ასულგრანამ" 67 ბურთი გაიტანა და ოდენ 9 (!) გაუშვა.

უბრალოდ წარმოუდგენელია სიტყვებით აღწერო ის, რასაც ეს გუნდი მოედანზე აკეთებდა.

მაყურებლისთვის ჩანდა, რომ გვარდიოლას "ბარსელონა" მეტოქეებს სათამაშოდ იყენებდა. ბურთი მინდორზე ელვისებური სისწრაფით დასრიალებდა და ზუსტად მაშინ, როცა მცველებს ქანცი გამოეცლეოდათ მოწინააღმდეგისთვის დევნით, ბახ! მცველები იმ "ბლაუგრანას" წინააღმდეგ სტატისტის როლს ასრულებდნენ და ანგარიშიც იზრდებოდა - 2:0, 3:0, 4:0...

ზოგიერთი გუნდი, მაგალითად 2017/18 წლების სეზონის "მანჩესტერ სიტი" (უი, მათი მწვრთნელიც ხომ პეპი გახლდათ) არანაკლებ დომინანტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ "ქალაქელები" ვერასდროს გაიმეორებდნენ იმას, რასაც ფერგიუსონმა კარუსელი უწოდა - ჩავი-ინიესტას ეპოქალურ კომბინირებას. ისინი უბრალოდ დაუმარცხებელნი იყვნენ.

კარგი, თითქმის დაუმარცხებელნი... პრიმერაში "ბარსამ" დაწყევლილ "ანოეტაზე" წააგო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც კოპას ფინალში "რეალს" 120 წუთის მანძილზე ეომა და რონალდუს მიერ დამატებით დროში გატანილი თავურით დაემხო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგამ ეს ყოველივე პირწმინდად გადაფარა.

სამ სეზონში მეორე ტრიუმფამდე "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ბლანკოსი" და "ემიუ" ეღობებოდნენ. "ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბის" თავკაცი, ჟოზე მოურინიო გააძევეს მას შემდეგ, რაც განსაკუთრებულმა პეპეს წითელი ბარათი გააპროტესტა. ათი კაცით დარჩენილ "რეალს" ლეომ დუბლი შეუსრულა და სეზონში თავისი 51-52 ბურთები შეაგდო.

საპასუხო დაპირისპირებაში "ბლაუგრანამ" თავი დიდებულად დაიცვა და პედროს გოლით ფრესაც გამორჩა. "უემბლისკენ" გზა ხსნილი იყო, სადაც კატალონიელებს "წითელი ეშმაკუნები" ელოდნენ.

მას შემდეგ, რაც ხსენებულმა პედრომ და რუნიმ გოლები გაცვალეს, "ბარსელონამ" პრემიერ ლიგის ჩემპიონები თავის კარუსელში ჩართო. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთის გარეშე დარჩა. მესიმ და ვილიამ შორეული დარტყმებით "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები დაშალეს და სრულყოფილებამ იზეიმა!

მანკუნიელები ალბათ კიდევ უფრო დიდ შოკში ჩავარდნენ, როცა ჩემპიონთა ლიგის თასი სიმსივნეგადატანილმა ერიკ აბიდალმა აღმართა. "ბარსელონა" ზეიმობდა, ხალხი კი ესალმებოდა გუნდს, რომელსაც ბევრჯერ მიბაძეს, მაგრამ მის მსგავს ვეღარასდროს ვიხილავთ.

2 კვირის წინ
107 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 201
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, ალბა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ