"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩის დასრულების შემდეგ მეტად უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, რომელზეც Diario AS წერს.
წყაროს თანახმად, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, სანჩეს მარტინესმა, "ბლაუგრანას" გასახდელში თავისი ასისტენტი ჯაშუშად გააგზავნა, რათა გაეგო, რას ამბობდნენ ფეხბურთელები მის შესახებ.
ამის შესახებ უფრო ვრცლად SPORT-ის ჟურნალისტი, ჟორდი ხილი გვატყობინებს:
"ბარსელონა" მსაჯებზე გაბრაზებულია და გუშინდელი დღე ამის კიდევ ერთი მაგალითი იყო. საინტერესო გახლდათ ის, რომ გვერდითა მსაჯი, რაულ კაბანერო ტაიმებს შორის შესვენებისას "ბარსას" გასახდელის კართან იდგა. არადა, როგორც წესი, მსაჯები პირდაპირ თავიანთი გასახდელისკენ მიდიან. მან იგივე მატჩის დასრულების შემდეგაც გაიმეორა.
ჩავის სტაფის ერთ-ერთმა წევრმა, ედუ პოლომ მას თავაზიანად მიუთითა, რომ იქ ყოფნით დაძაბულობას გამოიწვევდა. "ბარსელონას" სტაფის კარგი განზრახვა გაზიარებულ არ იქნა - კაბანერო მთავარ მსაჯს დაუკავშირდა და ისიც გასახდელის კართან მიიყვანა. პოლოს საკუთარი თავის წარდგენა მოსთხოვეს, რასაც ჩავიც შეესწრო და განაცხადა, რომ ედუ მისი მრჩეველი გახლდათ პრესასთან დაკავშირებულ საკითხებში. როცა ფეხბურთელები მოვიდნენ, მსაჯების ქმედებით ისინიც გაოცებულნი დარჩნენ."
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში კატალონიური გრანდი რეფერის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა. პრეტენზიის მთავარი საფუძველი ჟოაუ ფელიქსზე "ატლეტიკოს" ფეხბურთელების მიერ აშკარა უხეშობა გახლდათ, რომელიც მადრიდელთა საჯარიმოში დაფიქსირდა, თუმცა პენალტი არ დანიშნულა.