"ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს ჩაატარებს და ბელგიურ "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"გუნდი იმაზეა ფოკუსირებული, რისი კონტროლიც შეუძლია. ჩვენ კულეები ვართ. მას მერე, რაც ლაპორტამ კატარში ყოფნისას დამირეკა, ყველას ვუთხარი, რომ კრიტიკისთვის მზად ვყოფილიყავით. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს ვდებთ."
"გასახდელი გაბრაზებულია და რეაგირება სურს. "ჟირონას" წინააღმდეგ ძალა დაგვაკლდა, მაგრამ კარგი მატჩი გვქონდა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ."
"როცა ვამბობ რომ გუნდი შენების პროცესშია, ეს იმიტომ, რომ ბევრი ცვლილება გვქონდა. ორი წელი ევროპა ლიგაზე ვითამაშეთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე ვართ, სადაც უმაღლესი მოთხოვნებია. გუნდი უფრო თანმიმდევრული უნდა იყოს."
"მეტოქის კარის წინ უკეთესები უნდა ვიყოთ და თავიც უკეთესად დავიცვათ."
"ანტვერპენი" კარგი გუნდია. მარკ ვან ბომელი შესანიშნავ სამუშაოს ეწევა."
"ყველაფერს ხვალ გადავწყვეტთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის დროის მისაცემად შესაფერისი მომენტია. ნორმალურია, რომ გუნდში ბევრი რამ იცვლება."
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" მერვედფინალში "პორტუს" დამარცხებით გავიდა. ხვალ ჩავის ბიჭები პირველ ადგილსაც გაინაღდებენ და წილისყრას დაელოდებიან. ცნობისთვის, ბელგიურ-ესპანური ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.