როგორც მოგეხსენებათ, ფრენკი დე იონგმა "ანტვერპენსა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩი გამოტოვა. ნიდერლანდელის არყოფნის მიზეზად სიცხიანობა დასახელდა, თუმცა ამაში "ბლაუგრანას" ტექნიკურ დირექტორს შეუტანია ეჭვი.
RAC1-ის ინფორმაციით, დეკუმ დე იონგს დაურეკა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. 26 წლის ვარსკვლავმა თქვა, რომ ავად იყო, რაზეც პორტუგალიელმა ყვირილით უპასუხა:
"რას ნიშნავს ავად ხარ, ექიმმა ამის დამადასტურებელი საბუთი მოგცა?"
წყაროს თანახმად, ტექნიკურ დირექტორს არ სჯერა, რომ ფრენკის მართლაც სიცხე ჰქონდა. დეკუ ამას თავის გასამართლებლად შეთხულ მიზეზად მიიჩნევს.
რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს SPORT-ი. ესპანური გამოცემა წერს, რომ დეკუსა და დე იონგს შორის სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა, თუმცა მას მეგობრული ხასიათი ჰქონდა, არავის უყვირია და ფეხბურთელს მხოლოდ იმისკენ მოუწოდეს, ექიმთან კონტაქტი შეენარჩუნებინა.
შეგახსენებთ, რომ ფრენკი ორთვიანი ტრავმიდან რამდენიმე მატჩის წინ დაბრუნდა. ნიდერლანდელი საუკეთესო ფორმისგან ჯერ კიდევ შორსაა.