ჟოაუ ფელიქსმა გუშინ "ვალენსიას" კარი აიღო, თუმცა გატანილი გოლი თავიდან არ აღნიშნა. პორტუგალიელის რეაქცია იმდენად უცნაური გახლდათ, ბევრმა გულშემატკივარმა შეცდომით ისიც იფიქრა, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ამ საკითხთან დაკავშირებით "ბლაუგრანას" თავდამსხმელმა კომენტარი მატჩის შემდეგ გააკეთა.
"დღევანდელობაში გოლის აღნიშვნის სიტკბოება შეიძლება ჩაგიმწარდეს, რადგან იგი ხშირად უქმდება ხან თამაშგარე მდგომარეობის, ხან 5 წუთის წინ დაფიქსირებული ჯარიმის გამო.
არ ვიცოდი, რაფინია თამაშგარეში იყო თუ არა," - თქვა ფელიქსმა.
ეს ჟოაუსთვის მე-6 გოლი გახლდათ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით. სხვათა შორის, მან პირველად გაიტანა "ბლაუგრანასთვის" საგარეო შეხვედრაში.
რაც შეეხება "ვალენსიასა" და "ბარსას" წუხანდელ დაპირისპირებას, იგი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.