როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" წუხელ "ვალენსიასთან" გაიყო ქულები. მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტისა, კატალონიელებმა მხოლოდ ერთხელ აიღეს გიორგი მამარდაშვილის კარი - ეს ჟოაუ ფელიქსმა გააკეთა, პორტუგალიელის გოლი კი უგო გილამონის ულამაზესი დარტყმით გაიქვითა.
ფრედ დასრულებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა:
"გამარჯვებას ვიმსახურებდით. ყველაფერი გავაკეთეთ. ის, რაც ბოლო კვირებში ეფექტურობასთან დაკავშირებით ხდებოდა, კიდევ ერთხელ განმეორდა. ეს მატჩი ჩვენს მთელ სეზონს ასახავს."
"მშვიდად ვარ და ენთუზიაზმს ვინარჩუნებ. სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ განვვითარდებით."
"ბევრი საგოლე მომენტი გავაფუჭეთ. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. მოგებას ვიმსახურებდით. 2 ქულა დავკარგეთ."
"მომენტების დაგვირგვინებაზე ვვარჯიშობთ, მაგრამ ბოლოს ეს მაინც ფეხბურთელების თავდაჯერებაზეა დამოკიდებული."
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შანსების შექმნის მხრივ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ, მათ გამოყენებაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური გუნდის სტატუსსაც ვატარებთ. ფეხბურთელებს თავდაჯერება უნდა ჩავუნერგოთ, რათა უფრო ეფექტურები იყვნენ."
"ბიჭები დამწუხრებულები არიან. მათაც ისე გაუცრუვდათ იმედი, როგორც მე, რადგან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო."
შეგახსენებთ, რომ ჩავის გუნდს ზედიზედ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. "ბარსა" ლა ლიგის ლიდერ "ჟირონას" 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა თუ კატალონიელები მიმდინარე ტურში თავიანთ შეხვედრას მოიგებენ, ჩამორჩენა 9 ქულამდე გაიზრდება.