"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში "ალმერია" დაამარცხა, ანგარიშით 3:2. კატალონიელებს მხსნელად კაპიტანი, სერხი რობერტო მოევლინათ, რომელმაც დუბლი შეასრულა, შეხვედრის პირველი გოლი კი რაფინიას აქტივში გახლდათ.
მოგებული მატჩის შემდეგ რობერტომ მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.
"ახლა მთავარია, რომ 3 ქულა ავიღოთ. დანარჩენი მეორეხარისხოვანია. უფრო ვინერვიულებდი, საგოლე მომენტებს რომ ვერ ვქმნიდეთ. გოლები აუცილებლად მოვა.
დასვენების შემდეგ უფრო ენერგიულები უნდა დავბრუნდეთ.
მაყურებლისგან სტვენა გავიგე, მაგრამ როცა მხარდაჭერა დაგვჭირდა, ისინი გვერდში დაგვიდგნენ. ალბათ, ნაჩვენები თამაშით კმაყოფილნი არ დარჩენილან, თუმცა ახლა უფრო ერთიანები უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.
ახალი წელი კარგად უნდა დავიწყოთ," - თქვა სერხიმ.
აქვე გეტყვით, რომ რობერტომ თავის "ბარსელონურ" კარიერაში ერთ მატჩში 2 გოლი პირველად გაიტანა.