"ბარსელონამ" 2023 წლის ბოლო ოფიციალური მატჩი გამარჯვებით დაასრულა. კატალონიელებმა "ალმერიას" ხუთგოლიან თრილერში მოუგეს - 3:2.
სერხი რობერტოს დუბლით მოგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ კომენტარში შეაფასა.
"პირველი ტაიმი მიუღებელია. ფეხბურთელებს შესვენებაზე ვუთხარი, რომ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავსულიყავით. და ეს ყველაფერს შეეხებოდა: დაცვას, დამოკიდებულებას, თამაშის ხარისხს... მეორე ნახევარში სულისკვეთება გვეტყობოდა. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ წნეხს ვგრძნობთ და თავდაჯერებულობა გვაკლია.
სასიხარულოა, რომ არ დავნებდით.
ეს ორი კვირა დასასვენებლად უნდა გამოვიყენოთ, ყველაფრისგან ვდისტანცირდეთ და 2024 წელი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.
სერხი რობერტო ფეხბურთელებისთვის მაგალითია. შესვენებაზე მან თანაგუნდელებს დიდი მოტივაცია მისცა. ნამდვილი ლიდერია.
მათ ორი გოლი ვაჩუქეთ. ეს ფაქტი მთელ ჩვენს სეზონს ასახავს. 2:0 ან 3:0 უნდა მოგვეგო," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ლიდერ "ჟირონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მაგრამ კატალონიელებს ამ ტურში თავიანთი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ.