2 წლის წინ
"ბარსელონას" თამაშებს ხალხი აღარ ესწრება - კლუბში შფოთავენ
"ბარსელონას" თამაშებს ხალხი აღარ ესწრება - კლუბში შფოთავენ

"ბარსელონასა" და "ალმერიას" შორის გამართულ მატჩს სულ 34 471 ადამიანი დაესწრო. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს სეზონის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გახლდათ, რაც კლუბში განგაშის ზარებზე შემოკვრას აიძულებთ.

"მონტუიკზე" 56 ათასამდე მაყურებელი ეტევა. "კამპ ნოუდან" იქ გადასვლა "ბლაუგრანასთვის" თავიდანვე დიდ თავისტკივილს წარმოადგენდა, რაც მხოლოდ იმის ბრალი არ გახლდათ, რომ კლუბის მშობლიური სტადიონის ტევადობა ლამის ორჯერ დიდია. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც: "მონტუიკის" უარესი ადგილმდებარეობა, მასთან მოხვედრის სირთულე და უარესი მეტეოროლოგიური პირობები.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობაში იმასაც ფიქრობენ, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ბარსელონაში ტემპერატურა მომდევნო კვირებში კვლავ შემცირდება, გუნდი კი დამაკმაყოფილებელ თამაშს ვერ აჩვენებს - ქომაგის სტადიონზე მისვლის შანსებს ეს სურათი საგრძნობლად აუარესებს.

Diario AS-ის ინფორმაციით, "ბარსასთვის" წითელი ხაზი დასწრების 30 000-იან ნიშნულზე ჩამოცდენა იქნება.

სხვათა შორის, მაყურებლის სიმცირეს განიცდიდა "ბარსელონას" მიერ დალასში დღეს ჩატარებული ამხანაგური მატჩიც, სადაც ჩავის შეგირდები მექსიკურ "ამერიკას" დაუპირისპირდნენ. 92 ათასიან არენაზე სულ 30 000 მაყურებელი მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ბილეთები ნახევარ ფასად იყიდებოდა.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" მშობლიურ "კამპ ნოუზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ცნობებით, გუნდი მას 2024 წლის ნოემბრისთვის დაუბრუნდება.


Facebook კომენტარები