2 წლის წინ
ფელიქსი ნდობას კარგავს - ჟოაუს თავს ცუდი ამბებია
ფელიქსი ნდობას კარგავს - ჟოაუს თავს ცუდი ამბებია

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჟოაუ ფელიქსს ბოლომდე არ ენდობა, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი თავდამსხმელის მიერ "ალმერიასთან" ჩატარებულმა თამაშმა ჩავი განსაკუთრებით უკმაყოფილო დატოვა. ჟოაუ "მაესტრომ" მონდომების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.

მიგელის შეფასებით, ერთადერთი, ვინც "ბარსაში" ფელიქსს ჯერ კიდევ ენდობა, ჟოაუ ლაპორტაა.

მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი "ბლაუგრანაში" სწორედ ლაპორტას მეცადინეობით აღმოჩნდა. სპორტულ გუნდს ერჩივნა, რომ ლონდონის "ტოტენჰემიდან" ჯოვანი ლო ჩელსოს ტრანსფერი გაჩარხულიყო, თუმცა არჩევანი მაინც ფელიქსზე შეჩერდა. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ერთ ჟოაუს მეორეც აუცილებლად მოჰყვებოდა, ჟოაუ კანსელუს დამატება კი ჩავის პრიორიტეტი გახლდათ.

"ბარსას" რომ პაბლო გავი არ დამტვრეოდა, 24 წლის შემტევი სასტარტო შემადგენლობაშიც დაკარგავდა ადგილს, რადგან მთავარ მწვრთნელს 4 ნახევარმცველით სურს თამაში.

იმ შემთხვევაში, თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა ნახევარმცველის დამატება შეძლო, "მაესტრო" თავის სურვილს აისრულებს. ძირითად XI-ში ფრენკი დე იონგი, პედრი, ილქაი გიუნდოგანი და ახალწვეული ნახევარმცველი განმწესდებიან, ჟოაუს კი სკამზე მოუწევს გადანაცვლება.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსაში" 1-წლიანი იჯარითაა გაშვებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მან 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები