4 თვის და 1 კვირის წინ
რას ველოდოთ ვიტორ როკესგან - "ბარსელონას" გეგმები
რას ველოდოთ ვიტორ როკესგან - "ბარსელონას" გეგმები

როგორც მოგეხსენებათ, ვიტორ როკე ბარსელონაში გუშინ ჩაფრინდა. მან კლუბის "ბარსელონას" ლოგოსთან ფოტოები გადაიღო, პირველი ინტერვიუც გასცა, ვარჯიშს კი დღეიდან შეუდგა.

18 წლის თავდამსხმელის გარშემო არსებული მოლოდინების შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ხორდი ბატალია წერს:

"ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიტორ როკე კლუბმა იანვარშივე დაიმატა, ის გახლდათ, რომ "ბარსელონაში" ადაპტაციისთვის მეტი დრო მიეცათ.

გარდა გოლეადორობისა, როკე არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს დაეხმაროს საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაში, სწრაფად შეუტიოს სივრცეებს და დააპრესინგოს მეტოქეები.

სეზონის დარჩენილი ნახევარი ვიტორს გუნდში დასამკვიდრებლად გამოადგება. კლუბში არ სურთ, რომ მასზე ზედმეტ ზეწოლას ჰქონდეს ადგილი - ბრაზილიელი მნიშვნელოვანი ფიგურა თანდათანობით გახდება.

"ბარსელონაში" ახარებთ ის ფაქტიც, რომ გასახდელში როკეს მეზობელი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი იქნება. ახალგაზრდას მისგან სწავლის საშუალება ექნება. პრინციპში, როკესა და ლევანდოვსკის მოედანზე ერთდროულად ვერ ვიხილავთ, რადგან ისინი ერთსა და იმავე სივრცეს იკავებენ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ჩავიმ შეიძლება ამ დუეტითაც შეუტიოს მოწინააღმდეგეს."

შეგახსენებთ, რომ როკე "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსედან", 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მის დებიუტს 4 იანვარს, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ელოდებიან.


Facebook კომენტარები