1 წლის და 9 თვის წინ
"ბიჭებისთვის ეს ჯერ არ მითქვამს" - ჩავი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ
"ბიჭებისთვის ეს ჯერ არ მითქვამს" - ჩავი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

43 წლის სპეციალისტი თითქმის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო:

"რთული მატჩი იქნება. "იუნაიტედი" ახლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. "კამპ ნოუზე" მათ მენტალიტეტი, ხასიათი და ვნება გამოავლინეს. "ოლდ ტრაფორდზე" ცოცხალი ატმოსფერო გველოდება."

"სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ თუ ოთხით, თამაშის იდეას ეს არ შეცვლის."

"სასტარტო თერთმეტეული შევარჩიე, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს ჯერ არ იციან. პედრი და გავი გვაკლია, თუმცა მთავარ დანაკლისად დემბელეს შევრაცხავდი, ყველაფერი იმის გამო, რასაც ის გვაძლევს. პედრი რითმს გვკარნახობს, გავი კი ინტენსიურობას გვძენს, რაც ხვალ მეტად დაგვჭირდება."

"შეიძლება თამაში გადავიდეს დამატებით ტაიმებში ან პენალტებში. ან მოვიგებთ, ან წავაგებთ... ბევრი რამეა შესაძლებელი. ჩვენი მიზანი არ შეიცვლება: მეტოქე წნეხში უნდა მოვაქციოთ და შევუტიოთ."

"ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ სიამოვნება მიიღონ. ზეწოლა ჩემზე მოდის."

"ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ. ახლა ევროპა ლიგაზე ვართ. ხვალ გამოცდა გველოდება და ეს მოედანზე უნდა ვაჩვენოთ."

"რაშფორდის გასაჩერებლად კონკრეტულად არაფერი გვაქვს დაგეგმილი. მათი წინა ხაზის განეიტრალება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე 1 ფეხბურთელისა, მაგრამ, დიახ, ის მხედველობაში უნდა მივიღოთ."

"მესი? ეს ერთზე მეტჯერ მითქვამს: მისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რისი გაკეთება უნდა ლეოს და რა აწყობს კლუბს. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მისი ადგილი ყოველთვის მოიძებნება."

"გვარდიოლასთან არ მილაპარაკია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ხვალ დიდი სამუშაოა გასაწევი, ის კი თავის დღევანდელ მატჩზეა ფოკუსირებული. ერთმანეთს სხვა დროს შევხვდებით."

შეგახსენებთ, რომ "ემიუსა" და "ბარსას" ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.


Facebook კომენტარები