4 თვის და 2 კვირის წინ
პედრის ოცნების XI - ვინ აირჩია "ბარსას" ვარსკვლავმა
პედრის ოცნების XI - ვინ აირჩია "ბარსას" ვარსკვლავმა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ვარსკვლავი, პედრი გონსალესი გუშინ სტრიმერ იბაი ლანოსთან იმყოფებოდა სტუმრად.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რვიანს გულშემატკივრებმა მისი სიმბოლური თერთმეტეულის გაკეთება სთხოვეს, რაც პედრიმ სიამოვნებით შეასრულა. თავის რჩეულებს ესპანელმა მცირე კომენტარებიც დაურთო.

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

"იმ მეკარეებს შორის, რომელთა თამაშიც ნანახი მაქვს, ტერ შტეგენს ავირჩევდი. ფეხით ის საოცრად თამაშობს."

მარჯვენა მცველი: დანი ალვეში

"საუკეთესო 2 ნომერი ალვეშია. ჯერ ის გვარდიოლას "ბარსელონაში" ვნახე, მერე კი "კამპ ნოუზეც" შევხვდი."

ცენტრალური მცველები: ჟერარ პიკე, კარლეს პუიოლი

"ჩემი ცენტრალური მცველი პიკეა. ჟერარი გენიოსია, განსაკუთრებული. ვარჯიში მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და ამას თავადაც ამბობდა, მაგრამ მატჩებში ის გასაოცარი გახლდათ. კაპიტნად ყოველთვის პუიოლს ავირჩევდი."

მარცხენა მცველი: ჟორდი ალბა

"ჟორდი ალბა. ჩაიწერეთ. "ბარსელონაში" და ესპანეთის ნაკრებში. მარსელო? კი, მაგრამ მე ალბაზე შევჯერდები. რობერტო კარლოსის თამაში თითქმის არ მახსოვს."

საყრდენი: სერხიო ბუსკეტსი

"შუაში ბუსი. ეჭვგარეშედ. ბევრი კაზემიროს იტყოდა, მაგრამ ჩემთვის, ბუსკეტსი ისტორიაში საუკეთესო ხუთიანია. ის სხვების დაშვებულ შეცდომებს მარტივი პოზიციონირებით ასწორებდა."

ცენტრალური ნახევარმცველი: ჩავი

"მისტერი" ჩემს გუნდში აუცილებლად იქნება."

შემტევი ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა

"ჩავის გვერდით ინიესტას ვაყენებ. ბევრი ვიდეო მინახავს. "ლა კროკეტა" ყოველთვის მაცვიფრებდა. მამაჩემი ლაუდრუპის ვიდეოებს მაჩვენებდა, მაგრამ ინიესტა მუდამ ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევდი."

მარჯვენა გარემარბი: ლიონელ მესი

"მარჯვნივ მესის განვამწესებ. ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ვარჯიშზე საკუთარ თავს სულ ვეკითხებოდი: "რას ვაკეთებ მასთან ერთად?" ეს სიგიჟე იყო. პირველ დღეს გასახდელში პირველი სწორედ ლეო დავინახე. მას განსაკუთრებული აურა აქვს. როცა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები გამოვარდა, მინდოდა, რომ არგენტინას გაემარჯვა"

მარცხენა გარემარბი: ნეიმარი

"მარცხნივ არჩევანს ნეიმარსა და რონალდინიოს შორის ვაკეთებ. რონალდინიო ჯადოქარი იყო, მაგრამ ნეიმარი "სანტოსში"... ვაუ! ნეიმარს ავირჩევ, რადგან ჩემი თანამედროვეა, უფრო მეტი მაქვს ნანახი მასზე. 2015 წელს მოგებულ ჩემპიონთა ლიგასა და "პსჟ-სთან" ქამბექში იგი ბრწყინვალე იყო."

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ

"ცხრიანად კრიშტიანუ რონალდუს დავაყენებ. სხვათა შორის, სახლში მისი მაისური მაქვს, რომელიც პორტუგალიასთან მატჩის მერე მივიღე."

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

"ჩემი ისტორიული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნება, ვისთან მუშაობის პატივიც მქონია. მასთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ."


Facebook კომენტარები