10 თვის და 3 კვირის წინ
"შესვენებაზე ეს ვთქვი" - ჩავი "ლას პალმასთან" მატჩის შემდეგ
"შესვენებაზე ეს ვთქვი" - ჩავი "ლას პალმასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო. ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში კატალონიელები "ლას პალმასს" ესტუმრნენ და გაიმარჯვეს, ანგარიშით 2:1.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პირველი ტაიმი მუნირ ელ ჰადადის გოლით წააგეს, თუმცა ფერან ტორესისა და ილქაი გიუნდოგანის შედეგიანმა დარტყმებმა 3 ქულა მაინც "ბლაუგრანას" დაუტოვეს.

კანარის კუნძულებზე მოგებული შეხვედრა "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"დღეს იმაზე გაცილებით უკეთესები ვიყავით, ვიდრე "ალმერიასთან" პირველ ტაიმში. ვფიქრობ, მეორე ნახევარში გუნდი მიხვდა, როგორ უნდა ეთამაშა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ვიტორ როკემ კარგად ითამაშა. მან ის ენერგია მოგვცა, რომელიც ბოლო წუთებში გვჭირდებოდა.

ლა ლიგა თანაბარი ტურნირია. მოგება ნებისმიერ გუნდთან ჭირს. მეტოქეს ვეღარ ვანადგურებთ. შეხედეთ თამაშებს. ჩვენ ცოცხლები ვართ. პატივი ეცით მოქმედ ჩემპიონებს.

ჩვენ "რეალს" თითქმის 10 ქულით ჩამოვრჩით? თქვენ ყოველთვის ნეგატივს უსვამთ ხაზს. სხვა მწვრთნელებთან მიმართებაში ამას არ აკეთებთ. ჩვენ მოვიგეთ და ის, რასაც თქვენ ამბობთ, არ მომხდარა. ამაზე ლაპარაკიც აბსურდია, არა?

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 3:1-ს მოვიგებდით. ბოლო წუთზე შანსი რომ გამოგვეყენებინა, ასეც იქნებოდა.

ლევანდოვსკი იმიტომ შევცვალე, რომ გვჭირდებოდა თავდამსხმელი, რომელიც მეტოქე მცველების უკან შეირბენდა. ისეთი, როგორიც ვიტორი ან ფერანია. ფეხბურთელები უნდა შეეგუონ, რომ ხანდახან შეიცვლებიან. კონკურენცია დიდია, თუმცა თამაშის შანსი ყველას მიეცემა," - თქვა "მაესტრომ".

ლა ლიგის პირველი წრე "ბარსამ" 41 ქულით დახურა. ლიდერ "რეალსა" და "ჟირონას" გუნდი 7-7 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები