როგორც მოგეხსენებათ, "ლას პალმასთან" გუშინ გამართული მატჩი "ბარსელონამ" კომპენსირებული დროის პირველ წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო.
კანარელთა კარში თერთმეტმეტრიანი ილქაი გიუნდოგანზე დაჯარიმების შემდეგ დაიდო და იგი თავად დაზარალებულმა შეასრულა. რობერტ ლევანდოვსკის მოედანზე არყოფნის პირობებში, პენალტის შემსრულებლად სწორედ გერმანელი გახლდათ განსაზღვრული, თუმცა შესაძლებელი გახლდათ, რომ ბურთთან სულ სხვა გვეხილა.
Movistar Futbol-ის ინფორმაციით, პენალტის დარტყმა ჟოაუ ფელიქსსაც უნდოდა.
პორტუგალიელმა ბურთი ხელშიც აიღო, მაგრამ როცა დაინახა, რომ ილქაის სხვა ბურთი ეპყრა ხელში, გადაწყვიტა, გუნდში არსებულ იერარქიას პატივისცემით მოპყრობოდა და სურვილი გვერდზე გადაედო.
საბედნიეროდ, 32 წლის ნახევარმცველმა პენალტი უზადოდ შეასრულა, რამაც "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანისთვის ეს "ბარსას" მაისურით გატანილი მე-3 გოლი გახლდათ.