3 წლის და 2 თვის წინ
ჩავის ტენ ჰაგის გაოცება სურს - ესპანელი ჟურნალისტის ცნობები
ჩავის ტენ ჰაგის გაოცება სურს - ესპანელი ჟურნალისტის ცნობები

Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მიერ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისთვის დასახული გეგმები გაგვაცნო.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" თავკაცს სურს, რომ "ემიუს" მესაჭე ერიკ ტენ ჰაგი გააოცოს.

გადაწყვეტილია, რომ დაცვის ხაზში ვიხილავთ ჟიულ კუნდეს, ანდრეას კრისტენსენსა და რონალდ არაუხოს. რაც შეეხება ალეხანდრო ბალდეს, სასტარტოში ადგილი მას გარანტირებული არ აქვს.

ნახევარდაცვის სამეული დაკომპლექტებულია: ფრანკ კესიე, სერხიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი.

რაფინია და რობერტ ლევანდოვსკი "წითელ ეშმაკებს" პირველივე წუთებიდანვე შეუტევენ, მაგრამ გასარკვევია მარცხენა გარემარბის საკითხი. ამ პოზიციაზე ჩავის 4 ალტერნატივა აქვს: სერხი რობერტო, ჟორდი ალბა, ფერან ტორესი და ანსუ ფატი.

მარცხენა ფლანგზე ბალდესა და ალბას ერთდროულად თამაში (ალეხანდრო მცველად, ჟორდი კი - შემტევად) "ბარსას" თავკაცმა სავარჯიშო სესიაზეც გამოსცადა, თუმცა მიგელი აღნიშნავს, რომ ტესტირება სულ 10 წუთი გაგრძელდა, ამიტომ ნაკლებსავარაუდოა, ჩავიმ "ემიუს" ასეთი რამ შესთავაზოს.

თუ "ბარსელონა" ოთხი ნახევარმცველით ითამაშებს, ძირითად თერთმეტეულში სერხი რობერტო იქნება, ხოლო თუ 43 წლის სპეციალისტი 3-ფორვარდიან სქემას დაუბრუნდება, მაშინ სასტარტოში ფერანს ან ანსუს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულ-ბარსელონური ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები