10 თვის და 2 კვირის წინ
"ეს სამარცხვინოა" - ჩავი "ბარბასტროსთან" მატჩის შემდეგ
"ეს სამარცხვინოა" - ჩავი "ბარბასტროსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი "ბარბასტროს" წინააღმდეგ ჩაატარა და ხუთგოლიან თრილერში იმარჯვა, ანგარიშით 3:2.

გასვლაზე გამართულ შეხვედრაში "ბლაუგრანადან" ფერმინ ლოპესმა, რაფინიამ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, თუმცა გუნდს ნერვიულობა მაინც ბოლო წუთამდე მოუწია, რადგან ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში მოასპარეზე მეტოქემ იოლად არაფერი დათმო.

წვალებით მოგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"ბარბასტრო" ექსტრამოტივირებული იყო. ეს მათი ცხოვრების მატჩი გახლდათ. როცა ამ მომენტუმს უპირისპირდები, თუ მაქსიმალური ინტენსივობა არ გამოავლინე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ბოლო წუთებში იმაზე მეტად გაგვიჭირდა, ვიდრე უნდა გაგვჭირვებოდა.

ჟოაუს გოლი ჩასათვლელი იყო. სამარცხვინოა, რომ ამ მატჩებში ვიდეორეფერი არ არის. 2024 წელს VAR-ი ყველა ტურნირზე უნდა იყოს.

"ბარბასტროს" ფეხბურთელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მათ მწვრთნელს ახლახანს ვესაუბრე. ნუ ეძებთ დაძაბულობას იქ, სადაც იგი არ არის.

ვიტორ როკეს და ლევანდოვსკის ერთად თამაში შეუძლიათ. ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ვიტორი ამ დროს მარცხნივ დადგება.

იმედი მაქვს, ინიგო მარტინესის ტრავმა სერიოზული არაა. მან მითხრა, რომ დაზიანება ახლა მეორე ფეხზე მიიღო. უფრო მეტი რამის თქმა ხვალ შეგვეძლება," - თქვა ჩავიმ.

აქვე გეტყვით, რომ თასზე თავის მომდევნო მეტოქეს კატალონიური გრანდი დღესვე შეიტყობს.


Facebook კომენტარები