"ბარსელონას" 32 წლის მცველი, ინიგო მარტინესი ისევ ტრავმირებულია.
ესპანელი უკანახაზელი "ბარბასტროს" წინააღმდეგ გუშინ ჩატარებულ მატჩში 64-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 10 წუთში კი კიდევ ერთი დაზიანება მიიღო, რატომაც თამაშის დატოვება მოუხდა. მის ნაცვლად მინდორზე სერხი რობერტო შევიდა.
ინიგოს ბოლოს გასული წლის 25 ნოემბერს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშები. სავარჯიშო სესიაზე მან ჰამსტრინგის კუნთი დაიზიანა და თვე-ნახევრით ლაზარეთში აღმოჩნდა. რაც შეეხება ახალ ტრავმას, იგი ძველის რეციდივი არ გახლავთ - მარტინესი ტკივილს ახლა მეორე ფეხზე გრძნობს.
Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თუ დავუჯერებთ, გამოცდილი მცველი 4-5 კვირით იუქმებს.
"ბარსელონაში" ახლა ეცდებიან, რომ ინიგო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს, რომელსაც კატალონიელები "ნაპოლის" წინააღმდეგ 21 თებერვალს გამართავენ, 100%-ით მზად შეხვდეს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მარტინესმა "ბარსას" მაისური 11 შეხვედრაში მოირგო.