10 თვის და 2 კვირის წინ
"სუპერთასის ფავორიტები არ ვართ" - ჩავი "ოსასუნასთან" მატჩის წინ
"სუპერთასის ფავორიტები არ ვართ" - ჩავი "ოსასუნასთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩს ჩაატარებს, სადაც პამპლონურ "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ "მაესტროს" ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"თუ დიაგნოზს ვსვამთ, ეს ჩვენი შეცდომებია. ეს ჩვენი ბრალია. "ბარბასტროსთან" კონკრეტული შეცდომების გამო გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს თამაშს ვპოულობთ - "ლას პალმასთან", "ალმერიასთან" მეორე ნახევარში... ეს ოლიმპიური სისტემის ტურნირია, ამიტომ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ენთუზიაზმი მომეტებულად გვაქვს. გასულ სეზონშიც ასე შევხვდით სუპერთასს. სრულყოფილად უნდა ვითამაშოთ."

"იმედია, თანმიმდევრულობას ვიპოვით. "ოსასუნას" დიდ პატივს ვცემთ. რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ფინალში ყოფნა გვინდა. გასული წელი დიდებული იყო. მან თავდაჯერებულობა და სტაბილურობა მოგვცა."

"კანსელუ და პედრი? უფრო ოპტიმისტურად პედრისთან დაკავშირებით ვართ განწყობილნი. ის თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება კანსელუს, ვფიქრობ, მისი ხვალ თამაში გაჭირდება. ვნახავთ, დღეს როგორ იგრძნობს თავს. მაგრამ პედრი დაბრუნებასთან უფრო ახლოსაა."

"სუპერთასი ტიტულია. უმნიშვნელო ტიტული არ არსებობს. გასულ წელს ორი ტიტული მოვიგეთ და ერთ-ერთი ეს იყო. ფინალში განსაკუთრებული მატჩი ჩავატარეთ. ნაპერწკალს უნდა მივაგნოთ. ეს მნიშვნელოვანია."

"სუპერთასის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაზე ამას ვერ ვიტყოდი."

"თამაშის ერთ გოლზე დიდი სხვაობით მოგება გვიჭირს? ეს ფაქტორებია. ვფიქრობ, ზოგიერთ მატჩში ჰანდიკაპით მოგებას ვიმსახურებდით, ზოგიერთში კი საერთოდ უნდა წაგვეგო. მაგალითად, "რეალ სოსიედადთან". ეს ერთხელ უკვე ვთქვი. კარგი იქნება, ხვალაც და ფინალშიც თუ მინიმალური სხვაობით გავიმარჯვებთ."

"ჟოაუ ფელიქსი? საუკეთესო თერთმეტეულის დაყენებას ვეცდებით და მხედველობაში ყველა პირობას მივიღებთ. ჟოაუ მთელი სეზონია, მნიშვნელოვანია და ისევ მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ შეიძლება მკითხოთ, ვის შევცვლი თერთმეტეულში, თუმცა მნიშვნელობას არავინ დაკარგავს."

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" და "ოსასუნა" ხვალ, თბილისის დროით 23 საათიდან დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება პირველ ფინალისტს, მას "რეალი" და "ატლეტიკო" დღესვე გაარკვევენ.


Facebook კომენტარები