"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, დეკუს "ნიუკასლ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში ძალიან მოსწონს. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერან მარტინესი ავრცელებს.
ბრაზილიელი შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ფუნტია. "ბლაუგრანას" მისი გამოსყიდვის სახსრები არ გააჩნია, ამიტომ კატალონიელები ეცდებიან, რომ "კაჭკაჭებს" ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაც შესთავაზონ.
ბრუნოთი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაინტერებას ადასტურებს ბრაზილიური Globo Esporte-ც. წყაროს თანახმად, "ბარსაში" ოპერაციას საკმაოდ რთულად განსახორციელებლად მიიჩნევენ.
26 წლის ვარსკვლავს უმიზნებს "პარი სენ ჟერმენიც", თუმცა თავად გიმარაეშს კარიერის ესპანეთში გაგრძელებისკენ მიუწევს გული.
MD-ს თუ დავუჯერებთ, "ნიუკასლი" მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ბრუნომ 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა თავი.