ესპანური La Vanguardia იუწყება, რომ "ნეგრეირას საქმის" გამოძიების ფარგლებში, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებმა რამდენიმე მსაჯი დაკითხეს.
ამ არბიტრებს ჰკითხეს, ოდესმე მოუხდენია თუ არა ნეგრეირას მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ყველაზე ხშირად გამეორებული პასუხები ასე გამოიყურებოდა:
"არასდროს. ნეგრეირას ეს არ გაუკეთებია."
"0 გავლენა"
"ეს შეუძლებელია."
შეკითხვით მიმართეს აწ უკვე ყოფილ მსაჯს, მატეუ ლაოსს, რომელმაც არა მხოლოდ უარყო ნეგრეირასგან რაიმე სახის ზეწოლა, არამედ ის მომენტიც გაიხსენა, როცა დაშვებული შეცდომით "ბარსას" ლა ლიგის ჩემპიონობა წაართვა.
"ზოგიერთი მომენტი რთულად განსასჯელია. ასეთ დროს გადაწყვეტილება შეიძლება ნებისმიერი კლუბის სასარგებლოდ იქნეს მიღებული.
თუ ფიქრობთ, რომ ნეგრეირა ახდენდა მსაჯებზე გავლენას, რატომ გავაუქმებდი ჩასათვლელ გოლს, რომელიც "ბარსელონას" ტიტულს მოუტანდა?" -თქვა ლაოსმა.
ეპიზოდი, რომელიც მატეუმ გაიხსენა, ლა ლიგის 2013/2014 წლების სეზონის უკანასკნელ ტურში დაფიქსირდა. "ბარსას" მადრიდის "ატლეტიკო" უნდა დაემარცხებინა, რათა ჩემპიონი გამხდარიყო, ნებისმიერი სხვა შედეგი კი ტიტულს "როხიბლანკოს" არგუნებდა. 64-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ლიონელ მესიმ ტიბო კურტუას კარი აიღო, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა - არადა, არგენტინელს ბურთი "ატლეტიკოს" ფეხბურთელისგან მიუვიდა. დარჩენილ დროში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ვერაფერი შეცვალეს და ჩემპიონობაც დიეგო სიმეონეს კოლექტივს დარჩა.