1 წლის და 12 თვის წინ
"ბარსელონას" სავარაუდო XI "რეალთან" მატჩისთვის
"ბარსელონას" სავარაუდო XI "რეალთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩს გამართავს, სადაც მადრიდის "რეალს" დაუკავშირდება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სასტარტო თერთმეტეულს ვრცელი სტატია მიუძღვნა Mundo Deportivo-მ. კატალონიური გამოცემის ვარაუდით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ჩავი ერნანდესი დღეს მოედანზე 4 ნახევარმცველს გაიყვანს.

ამ 4 ნახევარმცველიდან 3-ის ვინაობა ცნობილია: ფრენკი დე იონგი, ილქაი გიუნდოგანი და პედრი გონსალესი, რომელიც ტრავმიდან ახლახანს დაბრუნდა, თუმცა სათამაშოდ მზად არის. რაც შეეხება მეოთხეს, ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ფერმინ ლოპესი და სერხი რობერტო იბრძოლებენ.

უფრო მეტ შანსს გამოცემა რობერტოს ანიჭებს. ამის მიზეზი კაპიტნის დიდი გამოცდილებაა. გარდა ამისა, სერხის ფლანგზე თამაში უკეთ შეუძლია.

გასარკვევია რობერტ ლევანდოვსკის პარტნიორი თავდასხმის ხაზშიც. წყაროს თანახმად, ყველაზე სავარაუდო იქ ჟოაუ ფელიქსის ხილვაა, თუმცა განიხილება ლამინ იამალისა და ფერან ტორესის ვარიანტებიც.

რაც შეეხება დაცვის ხაზს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩავიმ იქ რაიმე შეცვალოს. ბალდე-არაუხო-კრისტენსენი-კუნდეს ოთხეული კვლავ ძირითადიდან დაიწყებს. ზოგადად, "რეალის" წინააღმდეგ არაუხო დაცვის ფლანგზე თამაშობდა ხოლმე, თუმცა "სამეფო კლუბის" ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუსი ახლა უფრო ცენტრიდან მოქმედებს, რაც ურუგვაელ უკანახაზელსაც დაცვის ცენტრში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები