ალბათ, არ გჭირდებათ შეხსენება, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ზედიზედ მესამე "ელ კლასიკო" წააგო. ამ 3 მატჩში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 10 გოლი გაიტანეს, მეტოქის კარი კი მხოლოდ 2-ჯერ აიღეს.
გუშინდელი მარცხით "ბლაუგრანა" წლის პირველ ტიტულს დაემშვიდობა. გუნდი დამაჯერებლად ვერც ლა ლიგაში გამოიყურება, სადაც ლიდერ "ჟირონას" 8, 'რეალს" კი - 7 ქულით ჩამორჩება.
ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, ბევრს უჩნდება შეკითხვა: გუნდიდან გაშვების საფრთხის ქვეშ ხომ არ დგას "ბარსას" მოქმედი თავკაცი?
ესპანური Sport ამ შეკითხვას უარყოფითად პასუხობს. წყაროს თანახმად, "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ჩავის სრულ ნდობას უცხადებს.
"ჩავი კარგადაა. ის თავს ძლიერად და გამხნევებულად გრძნობს. მას უნდა, რომ შემოატრიალოს ის მდგომარეობა, რომელშიც "ბარსელონა" ახლა იმყოფება," - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ "მაესტრო" კატალონიურ გრანდში 2021 წლის ნოემბრიდან მუშაობს. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" მან ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.