1 წლის და 12 თვის წინ
კმაყოფილი აღარავინაა - ჩავიმ საკუთარი ფეხბურთელები გაანაწყენა
კმაყოფილი აღარავინაა - ჩავიმ საკუთარი ფეხბურთელები გაანაწყენა

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის თავს შავი ღრუბლებია შეყრილი, რაშიც The Athletic-ის ჟურნალისტის დღევანდელი ცნობებიც გვარწმუნებს. პოლ ბალუსის ინფორმაციას თუ ვენდობით, "მაესტროს" გუნდის შემადგენლობაში უკვე ბევრი განაწყენებული ფეხბურთელი დაუგროვდა.

ჟურნალისტი ჩამოთვლის იმ მოთამაშეებს, რომლებსაც 42 წლის სპეციალისტთან გარკვეული პრეტენზიები აქვთ, ან ჰქონიათ.

- პედრიმ გასულ სეზონში თავი იმედგაცრუებულად იგრძნო, როცა ტრავმიდან ნაჩქარევად დაბრუნება აიძულეს და ამან დაზიანების რეციდივი გამოიწვია.

- უკმაყოფილება შეიმჩნეოდა ფერან ტორესისგანაც. ესპანელი თავდამსხმელი მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრანსფერზე იყო დაყენებული, მაგრამ ამაზე მას და ჩავის არასდროს ულაპარაკიათ.

- იგივე გამოსცადეს ერიკ გარსიამ და ანსუ ფატიმ, რომლებმაც გუნდი დატოვეს.

- ჟიულ კუნდემ ჩავის სეზონის დაწყებამდე უთხრა, რომ მარჯვენა მცველად თამაში არ უნდოდა. მსგავსი რამ რონალდ არაუხომ რამდენიმე ინტერვიუში გააკეთა.

- გაღიზიანებული გახლავთ ანდრეას კრისტენსენი, რადგან მაშინ, როცა არავინაა ტრავმირებული, სასტარტო შემადგენლობიდან პირველი სწორედ ის ვარდება.

- ბოლო პერიოდში შეიცვალა რობერტ ლევანდოვსკის დამოკიდებულებაც ჩავისადმი, ისევე როგორც პოლონელის პოზიცია კლუბში.

დასკვნის სახით, ბალუსი აღნიშნავს, რომ "ბარსაში" ნელ-ნელა იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემდეგ რამეს ხვდებიან: ჩავი არ აღმოჩნდა ისეთი მწვრთნელი, როგორიც მათ ეგონათ.

ასეა თუ ისე, "მაესტროს" სეზონის დასრულებამდე გაშვების შანსი მაინც მიზერულია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, ჩავის კატალონიურ გრანდში ბევრი თვე ნამდვილად არ აქვს დარჩენილი.


Facebook კომენტარები