როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩს ჩაატარებს და "რეალ ბეტისს" ესტუმრება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ლა ლიგა თუ კოპა დელ რეი? უარს არცერთზე ვიტყვით. ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვაპირებთ ბრძოლას. თამაშები უნდა მოვიგოთ და თავდაჯერებულნი ვიყოთ."
"ჟოაუ კანსელუს ხვალ თამაში გაუჭირდება, მაგრამ კოპა დელ რეის მატჩში მის მონაწილეობაზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რაც შეეხება ვიტორ როკეს, მას მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა ახლა სრულ მზადყოფნაშია."
"7-ქულიანი ჩამორჩენით თამაშის წნეხი ისეთივეა, როგორიც შარშან გვქონდა, როცა "რეალს" 5 ქულით ვუსწრებდით და ისინი გვიახლოვდებოდნენ. ვიცით, რომ ამხელა დისტანცია ძალიან მალე შეიძლება აღმოიფხვრას. მეორე წრეს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ."
"რას ვითხოვ ფეხბურთელებისგან? კარგი ფეხბურთის თამაშს და იმ დონის ჩვენებას, რომელიც "ბეტისთან" სახლში, "პორტუსა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გვაჩვენეს. ამ ხარისხმა შედეგი მოიტანა. მათ სიმშვიდისა და ბრძოლისკენ მოვუწოდებ."
"როტაცია იქნება. ჩვენთვის მთელი შემადგენლობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი."
"პედრის, ფრენკის და გიუნდოგანის ნახევარდაცვა? ამ ტრიოს ხშირად ვერ ვკრავდით და ეს დაგვეტყო. ნახევარდაცვა გუნდის იდენტობის განმაპირობებელია და სამწუხაროა, რომ სამეულს ერთად თამაშის საშუალება არ ეძლეოდა."
"გვაქვს თუ არა ტრიპლეტის მოგების შანსი? კი. ამის გულწრფელად მჯერა. გამარჯვებაში დარწმუნებული ვერ იქნები. ბევრი კლუბია ისეთი, რომელსაც ტრიპლეტი წლებია არ მოუგია."
"არაუხო? მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა საჭიროებებიდან გამომდინარე, ის სხვა პოზიციებზეც გვეხმარება. მას ვესაუბრე და განაპირა მცველად თამაში მთხოვა. იგი თავს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ არსებული ამოცანები ვერ შევასრულეთ."
შეგახსენებთ, რომ "ბეტისისა" და "ბარსას" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.