1 წლის და 1 თვის წინ
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა - რას ფიქრობენ "ბარსაში" "ემიუსთან" მარცხზე
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა - რას ფიქრობენ "ბარსაში" "ემიუსთან" მარცხზე

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "ბარსელონაში" არსებული განწყობის შესახებ მოგვაწოდა ცნობები.

წყაროს თანახმად, ყველა იმედგაცრუებას გრძნობს, მაგრამ "ბარსას" ხელმძღვანელობაში სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ფეხბურთელებიდან დაწყებული, სამწვრთნელო შტაბითა და ბორდის წევრებით დასრულებული, არავინ ფიქრობს, რომ სამომავლო პროექტი საფრთხეშია.

ფეხბურთელების აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში მათ იღბალმა ზურგი აქციათ. უიღბლობა იყო ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფში მოხვედრა და ევროპა ლიგის წინასაპლეიოფო ეტაპზეც პირდაპირ "წითელ ეშმაკებთან" შეხვედრა.

"ბარსელონაში" სჯერათ, რომ რომ არა სასტარტო შემადგენლობის მცველების ტრავმები, ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გააღწევდნენ. უსმან დემბელესთან, პედრისთან და გავისთან ერთად სხვანაირი იქნებოდა "ემიუსთანაც" შეხვედრა. სწორედ ესაა ის მცირე დეტალები, რაც ჩავიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ახსენა.

გასულ წლებში "რომასთან", "ლივერპულთან" და "ბაიერნთან" განცდილი კრახების დროს, მოთამაშეები მენტალურად განადგურებულნი იყვნენ. ყველა გრძნობდა, რომ ეს ციკლის დასაწყისი იყო და ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყოთ. "მანჩესტერთან" მარცხს მსგავსი შეგრძნება არ მოჰყოლია.

გუშინდელ სავარჯიშო სესიაზე ჩავი ფეხბურთელებს ესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წაგებამ მათზე არ უნდა იმოქმედოს. მწვრთნელის ამოცანა ლა ლიგის მოგებაა, ამიტომ მწუხარების დრო არ არის.

როგორც ვხედავთ, "ბლაუგრანაში" მანჩესტერელებთან წაგება ეწყინათ, თუმცა ამისგან ტრაგედიას არავინ ქმნის. კატალონიური გრანდი ახლა მთლიანად გადაერთვება საშინაო ასპარეზზე, სადაც ლა ლიგისა და კოპა დელ რეის ჩემპიონობას ეცდება.


Facebook კომენტარები