10 თვის და 1 კვირის წინ
"ფერანმა ზაფხულში ეს მითხრა" - ჩავი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ
"ფერანმა ზაფხულში ეს მითხრა" - ჩავი "ბეტისთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში "რეალ ბეტისი" დაამარცხა. კატალონიელებმა პირველი ტაიმი ფერან ტორესის დუბლით მოიგეს, შემდეგ "თეთრ-მწვანეებმა" წონასწორობა ისკოს გოლებით აღადგინეს და შეხვედრა ფრედ დასრულებისკენაც წარმატებით მიჰყავდათ, თუმცა ჟოაუ ფელიქსის შედევრმა და ტორესის კიდევ ერთმა გოლმა 3 ქულა მაინც "ბლაუგრანას" დაუტოვა.

მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"ვფიქრობ, გულშემატკივრებმა მატჩით ისიამოვნეს. ჩვენ ძალიან გავერთეთ.

"0-2ზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, თამაშს ვაკონტროლებდით. შემდეგ რიგით ეპიზოდში ისეთი რამ მოხდა, რაც ვერ გავიგე. ჩავთვალეთ, რომ პედრიზე ჯარიმა შეიძლება ყოფილიყო. არაუხომ და ინიაკიმ ერთმანეთს ვერ გაუგეს, მათ კი გოლი გაიტანეს.

დღეს ნაბიჯი წინ გადავდგით. იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მატჩს მაინც დადებითად შევაფასებდი.

ფერანი მენტალურად ძალიან ძლიერია. ზაფხულში მან მითხრა, რომ მისი მისია "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა იყო. ტორესმა თავისი ადგილი მუყაითი შრომით გამოიმუშავა.

ლამინ იამალი და პაუ კუბარსი ეპოქას შექმნიან.

დღეს იმ სტადიონზე მოვიგეთ, რომელზეც ამ სეზონში მხოლოდ მასპინძელი იგებდა ხოლმე და ეს ახალგაზრდებისა და ხასიათის წყალობით გავაკეთეთ," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიდერ "რეალთან" ჩამორჩენა "ბარსამ" ისევ 7 ქულამდე დაიყვანა. მომდევნო მატჩი გუნდს კოპა დელ რეის მეოთხედფინალის ეგიდით, ბილბაო "ატლეტიკის" წინააღმდეგ ელოდება.


Facebook კომენტარები