10 თვის წინ
ლევანდოვსკი ჩავის დაუპირისპირდა - უსიამოვნება გასახდელში
ლევანდოვსკი ჩავის დაუპირისპირდა - უსიამოვნება გასახდელში

"ბარსელონას" პოლონელ გოლეადორს, რობერტ ლევანდოვსკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაკვეთი აქვს. 34 წლის ცენტრფორვარდი მეტოქისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს და სათადარიგოთა სკამს უფრო და უფრო უშინაურდება.

როგორც ჩანს, მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი სათამაშო ფორმისა, რობერტი არ მიიჩნევს, რომ თამაშს სხვები მასზე მეტად იმსახურებენ. Bar Canaletes-ის მიერ გაჟღერებული ისტორია სწორედ ამაზე მეტყველებს.

წყაროს თანახმად, როდესაც "უნიონისტა დე სალამანკასთან" კოპა დელ რეის ეგიდით გამართული მატჩი დასრულდა, ლევანდოვსკიმ ჩავის ხმამაღლა უთხრა: "იმის გათვალისწინებით, რომ კოპა დელ რეი ლამის ერთადერთი ტიტულია, რომლის მოგების დიდი შანსი გვაქვს, სასტარტო თერთმეტეული უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო!"

"ეს შტაბმა გაანალიზა. ძირითადი შემადგენლობა სწორად იყო შერჩეული," - გახლდათ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის პასუხი.

ამის შემდეგ კი "ბარსას" ერთ-ერთმა კაპიტანმა, რომელიც არც რონალდ არაუხო იყო და არც მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ეჭვმიტანილებად რჩებიან სერხი რობერტო და ფრენკი დე იონგი), ჩავის უთხრა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ის რაღაცას სწორად ვერ აანალიზებდა...

აღნიშნულ ამბავს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობის წევრებიც შეესწრნენ, რომლებიც გასახდელში შევიდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ეს გაიგო კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, დეკუმ, რომელიც ჩავის ასევე არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი "უნიონისტასთან" თამაშში მოგვიანებით მაინც ჩაერთო, კატალონიელებმა კი ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს. ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ჩავის გუნდი ბილბაოს "ატლეტიკს" შეხვდება.


Facebook კომენტარები