1 წლის და 11 თვის წინ
დანებება გამოსავალი არ არის - როგორ დარჩა ფერანი "ბარსაში"
დანებება გამოსავალი არ არის - როგორ დარჩა ფერანი "ბარსაში"

ფერან ტორესი ახლა თავისი "ბარსელონური" კარიერის საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. ესპანელმა თავდამსხმელმა კვირას "ბლაუგრანას" მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა და ეს მაჩვენებელი "ბეტისისთვის" შესრულებული ჰეთ-თრიქით აღნიშნა. 

რა გასაკვირია, რომ "ზვიგენი" ახლა პრესის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამასთან დაკავშირებით, SPORT-ის ჟურნალისტმა, ტონი ხუანმარტიმ შემოგვთავაზა ისტორია 2023 წლის ზაფხულიდან, რომელიც იმაზე გვიამბობს, თუ როგორ მოახერხა ტრანსფერზე დაყენებულმა თავდამსხმელმა გუნდში დარჩენა:

"ფერან ტორესი გასულ ზაფხულს ტრანსფერზე გახლდათ დაყენებული, მაგრამ შვებულებისას მან გადაწყვიტა, რომ დანებება გამოსავალი არ იყო.

მან ჩავის Whatsapp-მესიჯი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "ბარსაში" წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა, გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯებოდა და ჰქონდა რწმენა, რომ მოედანზეც და მის მიღმაც ბევრი რამ ჰქონდა შესათავაზებელი. ეს დიალოგი ამბოხება გახლდათ.

ჩავი გაკვირვებული დარჩა და გეგმების შეცვლაც მოუწია, რადგან ფერანის გუნდში ყოფნა გათვალისწინებული აღარ ჰქონდა. მთავარი მწვრთნელი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა - ფეხბურთელისგან ასეთ ქმედებას იგი ჩვეულებრივ ამბად არ მიიჩნევდა.

ერნანდესმა თავდამსხმელის თავდადება მართლაც დაინახა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ სკეპტიკურად იყო განწყობილი, რამეთუ არ იცოდა, რამდენად აისახებოდა ეს მოწადინება მინდორზე.

მწვრთნელები ამბობენ, რომ პრესეზონის პირველი დღიდან მოყოლებული, ფერანი სამაგალითოა. გასახდელში იგი ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ფიგურად აღიქმება."

ასე და ამგვარად, ტორესმა გუნდში თავისი ადგილი მაინც დაიმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თითქმის უკვე აღარავის სჯეროდა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ესპანელი ფორვარდის მონაგარი 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები