"ბარსელონას" მაისურით ჩატარებული სადებიუტო სეზონი რობერტ ლევანდოვსკისთვის შესანიშნავი გამოდგა. ყველა ტურნირზე ჯამში პოლონელმა 33 გოლი გაიტანა, რასაც ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის ტიტულები დაუმატა.
სამწუხაროდ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით თავისი მეორე სეზონი რობერტისთვის სრულიად სხვანაირად მიმდინარეობს. 35 წლის ცხრიანის ანგარიშზე სულ 12 გოლია, "ბლაუგრანამ" ბრაზილიიდან ახალგაზრდა შემტევიც დაიმატა და პრესაში უფრო და უფრო ხშირად წერენ, რომ კატალონიურმა გრანდმა შეიძლება ლევასთან დამშვიდობებაზეც იფიქროს.
მიუხედავად ამისა, განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის SPORT-ი.
წყაროს თანახმად, "ბარსა" რობერტის გაყიდვაზე არ იზრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, ეს "ბარსელონასთვის" მაინც არ არის იმის საბაბი, გამოცდილი ცხრიანი ტრანსფერზე დააყენოს.
ესპანურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანაში" სურთ, ვეტერანი ფორვარდი შეინარჩუნონ, თუმცა იმასაც გაგებით მოეკიდებიან, თუ იგი საუდის არაბეთიდან მომავალ ძალიან სარფიან შეთავაზებას დასთანხმდება და აღმოსავლეთში გაყიდვას მოითხოვს.
ასე რომ, ყველაფერი ახლა მხოლოდ ლევანდოვსკის გადასაწყვეტია. საკუთარ მომავალს სწორედ რობერტი განკარგავს.