მადრიდის "რეალისა" და "ალმერიას" მატჩში მთავარი არბიტრის მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებებმა ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თავიანთი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს "ბარსელონაშიც" - ჩავი ერნანდესისა და ჟოან ლაპორტას განცხადებები დიდი განხილვის საგანიც გახდა.
ჩავი მთელი სეზონია, რაც ესპანეთის ჩემპიონატში არსებულ ცუდ მსაჯობაზე აპელირებს და ამას კონკრეტული მაგალითებით ამყარებს: არდანიშნული პენალტი "ხეტაფესთან" და "რაიო ვალეკანოსთან", გაუქმებული გოლი "ოსასუნასთან" და ა.შ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთნაირ ეპიზოდებს ერთ მატჩში სხვაგვარად სჯიან, მეორეში კი - სხვაგვარად.
RAC1-ის ჟურნალისტს, დავიდ ბერნაბეუ რევერტერს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ წინ ასეთი სეზონი ელოდა. აი, რას ამბობს იგი:
"აგვისტოში, როცა ჩავი მსაჯებისა და ლა ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელების ონლაინ-შეხვედრას დაესწრო, იგი შეშფოთებული დარჩა. ფრაზა, რომელიც მან გამოიყენა? "ჩვენ ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, ეს დაივიწყეთ."
ჩავიმ შეხვედრაზე ძალიან ცოტა ილაპარაკა, რაც უცნაური გახლდათ, რადგან იგი თავის აზრს ძალიან ხშირად და ვრცლად გამოთქვამს ხოლმე. მისი ყურადღება ორმა რამემ მიიქცია:
1. კარლო ანჩელოტისა და მსაჯების ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის, ლუის მედინა კანტალეხოს თბილი ურთიერთობა
2. ფაქტი, რომ ანჩელოტი დაჟინებით მოითხოვდა, ვიდეორეფერის გამოყენება შემცირებულიყო და მისთვის მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს მიემართათ."
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ბარსელონას" ჩემპიონობის იმაზე გაცილებით მცირე შანსი აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა, თუმცა, რა საკვირველია, ეს უმეტესწილად სხვა ფაქტორების დამსახურებაა - გუნდი ცუდ თამაშს აჩვენებს, ეს კი მსაჯობას ვერ დაბრალდება.