8 თვის და 2 კვირის წინ
"თუ ასე მოხდა, წასვლა ლოგიკური იქნება" - ჩავი "ატლეტიკთან" მარცხის მერე
"თუ ასე მოხდა, წასვლა ლოგიკური იქნება" - ჩავი "ატლეტიკთან" მარცხის მერე

"ბარსელონა" ესპანეთის სამეფო თასს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. "სან მამესზე" კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკთან" პირველივე წუთიდან აგებდნენ, შემდეგ იგებდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაუთანაბრეს, დამატებულ დროში კი 2 გოლიც გაუშვეს და კოპა დელ რეიზე ასპარეზობაც დაასრულეს (4:2).

ბრძოლაში წაგებული მატჩი "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"შეგვიძლია ამაყები ვიყოთ. ბევრი ვეცადეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

კონკურენცია გავუწიეთ შესანიშნავ გუნდს, რომელიც სახლში ძალიან ძლიერია. ისინი ძალიან ინტენსიურები იყვნენ. ამას ჯერ კიდევ წილისყრიდან მოყოლებული ვამბობდი.

ახლა იმის დროა, რომ საკუთარი თავები გარდავქმნათ და ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ვიბრძოლოთ. 2 მნიშვნელოვანი ტურნირი ჯერ კიდევ დარჩენილი გვაქვს.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეგონა, რომ ამ ტიტულის მოგება შეგვეძლო. ეს ძალიან რთული იყო. "ატლეტიკმა" გამარჯვება დაიმსახურა.

თამაშში ფერმინის ჩართვა მინდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მქონდა, რადგან მოედანზე სარეზერვო გუნდის ფეხბურთელთა ლიმიტი უკვე ამოწურული მქონდა.

გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისევ გაუმჯობესდება, თუ კვირას მოვიგებთ. დღეს ეს მატჩი გვქონდა. მონეტა ავარდა და მეტოქის სასარგებლოდ დაეცა.

ჩვენ ინდივიდუალურ შეცდომებს ვუშვებთ, რომლებიც გაშვებულ გოლებად გვიჯდება. მათი პირველი გოლი ლამინისა და კუნდეს მისკომუნიკაციის ბრალი იყო ვიცოდით, რომ მათი ჩაწოდებები უნდა შეგვემცირებინა, თუმცა ისინი მაინც აწვდიდნენ და გოლი მაინც ასე გაგვიტანეს. ინდივიდუალური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის ნაცვლად, მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

როგორც ყველა დიდი გუნდის თავკაცმა შეიძლება თქვას, ჩემი სამსახური ტიტულებზეა დამოკიდებული. თუ სეზონის ბოლოს "ბარსას" თამაში დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ლოგიკური იქნება, რომ კლუბი დავტოვო. ეს "ბარსელონაა". ვიცი, სადაც ვარ," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი კატალონიელებს კვირას, "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ ელოდებათ.


Facebook კომენტარები