1 წლის და 11 თვის წინ
ტიტული შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ... - ჩავის რამდენიმე მისია აქვს
ტიტული შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ... - ჩავის რამდენიმე მისია აქვს

"ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასის ფინალი წააგო და კოპა დელ რეის მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, რაც ბევრ გულშემატკივარს აფიქრებინებს, რომ გუნდი სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, რადგან ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მიზერულად მიიჩნევა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ბარსას" რომელიმე ტურნირზე ტრიუმფი აღარ გამოუვა, სეზონის დარჩენილი ნაწილი გუნდისთვის მაინც უმნიშვნელოვანესია, რადგან კლუბს ფინანსური ბენეფიტები სასიცოცხლოდ სჭირდება.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, სერხი სოლემ ის ამოცანები გამოარჩია, რომლებიც ჩავი ერნანდესს სეზონის ბოლომდე ექნება გადასაჭრელი.

უპირველეს ყოვლისა, "ბარსამ" ლა ლიგა აუცილებლად 2 საუკეთესო გუნდს შორის უნდა დაასრულოს, რათა ესპანეთის სუპერთასის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღოს. ეს კლუბს გარანტირებულ 5.8 მილიონ ევროს მოუტანს, ტურნირის მოგების შემთხვევაში კი თანხა 7.3 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

გასათვალისწინებელია 2025 წლის საკლუბო მუნდიალიც, რომელიც განახლებული ფორმატით ჩატარდება. აქ მოსახვედრად "ბარსამ" ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ან ტურნირზე იმაზე გაცილებით შორს წავიდეს, ვიდრე მადრიდის "ატლეტიკო" გააღწევს. "როხიბლანკო" "ბლაუგრანას" ახლა 62-ით 55-ს უგებს - ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის მოგება 2 ქულაა, შემდეგ ეტაპზე გასვლა კი 1 ქულით ფასდება. მაშასადამე, კატალონიელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენას უნდა ეცადონ და იმის იმედიც ჰქონდეთ, რომ "ატლეტიკო" მალე გავარდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობა კლუბის ბიუჯეტს 50 მილიონი ევროთი შეავსებს.

თქმა არ სჭირდება იმას, რომ პრიმერას 4 საუკეთესო გუნდში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზურის მოპოვება აუცილებელია. "ბარსას" ესეც დაახლოებით 50 მილიონი ევროთი დაეხმარება.

ასე და ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე უტიტულო სეზონი ჩანს, დარჩენილ თვეებს აზრის დაკარგვა მაინც არ ემუქრება.


Facebook კომენტარები