როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ვილიარეალთან" ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩში მტკივნეული მარცხი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და წინაც გავიდნენ, საბოლოო ჯამში, მათ მაინც ორი ბურთით წააგეს - 3:5.
ცხადია, "ბლაუგრანა" 5 გოლს ხშირად ნამდვილად არ უშვებს, ამიტომ დღევანდელი მატჩი ისტორიაში აუცილებლად შევა.
აქამდე ბოლო შემთხვევა, როცა "ბარსას" კარი 5-ჯერ აიღეს, 2020 წლის 14 აგვისტოს დაფიქსირდა. მაშინ ეს მიუნხენის "ბაიერნმა" გააკეთა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეტოქეს არა 5, არამედ 8 გოლი გაუტანა (8:2).
ლა ლიგაში მსგავსი რამ 2018 წლის მაისში მოხდა. "ლევანტემ" "ბარსას" ანგარიშით 5:4 მოუგო და წაუგებლად ჩემპიონობის შანსიც წაართვა.
საშინაო მატჩში 5 გოლი "ბარსას" უკანასკნელად 1994 წელს ჰქონდა გაშვებული.
რაც შეეხება ლა ლიგის საშინაო მატჩში გაშვებულ 5 გოლს, ეს ბოლოს 1963 წელს გახლდათ მომხდარი.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წელს ჩატარებულ 8 მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ კარში 19 გოლი მიიღო. გუნდის დაცვის ხაზის კატასტროფულ თამაშზე ეს ზუსტად მეტყველებს.