"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი რომ კლუბის სატრანსფერო აქტიურობაში პირადად გახლდათ ჩართული, ამის შესახებ შესანიშნავად მოგვეხსენება. პრესაში ხშირად დაწერილა, თუ როგორ ურეკავდა "ბლაუგრანას" მესაჭე კლუბის სამიზნეებს და როგორ ახდენდა გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე.
ასეთი ქმედებებით ჩავიმ კლუბს რობერტ ლევანდოვსკის, ჟიულ კუნდესა და სხვა ახალწვეულთა ტრანსფერები დაახურინა, ხოლო Carrusel Deportivo-ს თუ ვენდობით, გუნდში კიდევ 3 ვარსკვლავის მიყვანაც შეეძლო.
წყაროს თანახმად, 44 წლის სპეციალისტმა "ბლაუგრანაში" გადასვლაზე იოზუა კიმიხი, მარტინ ზუბიმენდი და ბერნარდუ სილვა დაითანხმა.
სამივე ფეხბურთელი ჩავის საოცნებო სამიზნედ აღიქმებოდა, ამიტომ მარტივი წარმოსადგენია, რამდენად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ეს "მაესტროსთვის".
Carrusel წერს, რომ მიუხედავად ჩავის მეცადინეობისა, ამ ოპერაციებს განხორციელება მაინც არ ეწერა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მწვრთნელს პირდაპირ უთხრა, რომ კლუბს ამ სამეულიდან ერთის დამატების ფინანსური შესაძლებლობაც კი არ გააჩნდა.
ასე და ამგვარად, ჩავი "ბარსადან" ისე წავა, რომ მისთვის სასურველ ნახევარმცველთან მუშაობის შანსი მაინც არ მიეცემა, რაც ძალიან სამწუხაროა.