"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-20 ტურის გადადებულ მატჩში "ოსასუნა" დაამარცხა, ანგარიშით 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვიტორ როკემ შეაგდო.
მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანას" ესპანელმა ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა შეაფასა.
"ეს კვირა ყველასთვის ცოტა უცნაური იყო. მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროის განმავლობაში იგი ბევრ რამეში დაგვეხმარა და მისთვის ახლა მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.
"ბარსას" თავკაცობა რთული რამაა. როცა აგებ, დარტყმის ობიექტი ხდები, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვართ, ამიტომ როცა რამე სწორად არ წავა, კრიტიკისთვისაც უნდა იყო მზად.
ვიტორ როკე მატჩში შესანიშნავად ჩაერთო, გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა. იგი დიდ დახმარებას გაგვიწევს.
ლა ლიგა კონკურენტული ტურნირია, თუმცა ჩვენ უარესი მდგომარეობიდანაც დავბრუნებულვართ. ყველა მატჩის მოგებას ვეცდებით და მეტოქეების მიერ ქულების დაკარგვას დაველოდებით," - თქვა პედრიმ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა კატალონიელებს 3 თებერვალს, "ალავესის" წინააღმდეგ ელოდებათ.