logo

ზუსტად 8 წლის წინ - "ბარსელონა" 2:2 "ჩელსი"

დღეს ზუსტად 8 წელი გავიდა ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩიდან, რომელშიც "ბარსელონამ" ლონდონის "ჩელსისთან" ფრე ითამაშა - 2:2.

პირველი შეხვედრა კატალონიელებს "სტემფორდ ბრიჯზე" მინიმალური სხვაობით (1:0) ჰქონდათ წაგებული და ფინალში გასასვლელად გამარჯვება ჰმართებდათ.

პირველი ტაიმის დამატებით დრომდე "ბლაუგრანასთვის" საქმე იდეალურად მიდიოდა. სერხიო ბუსკეტსისა და ანდრეს ინიესტას გოლების წყალობით ფინალში "ბარსა" გადიოდა. გარდა ამისა, "ლურჯების" კაპიტანი, ჯონ ტერი 37-ე წუთზე გააძევეს და "არისტოკრატების" მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა.

მიუხედავად ამისა, პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში რამირესმა საოცარი გოლი გაიტანა. ამ მოცემულობით მიუნხენის ბილეთს "პენსიონერები" იღებდნენ, რადგან მათ სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობა ჰქონდათ.

"ლურჯ-ბროწეულისფერებს" სხვაობა აუცილებლად უნდა გაეზარდათ და ეს ბევრჯერ სცადეს, თუმცა ანგარიში უცვლელი რჩებოდა. განსაკუთრებით არ გაუმართლა ლეო მესის, რომელმაც ჯერ პენალტის ნიშნულიდან გაარტყა ბურთი ხარიხას, შემდეგ კი საჯარიმოს დარტყმიდან გასროლილიც ძელმა აუსხლიტა.

ყველაფერი კი მატჩის უკანასკნელ წამებზე დამთავრდა, როცა მთელი გუნდით შეტევაში წასული "ბარსა" ფერნანდო ტორესმა კონტრიერიშზე გამოიჭირა, მოედნის ნახევარი გადაირბინა, ვიქტორ ვალდესიც მოატყუა და ტაბლოზე 2:2 აციმციმა.

ეს იყო პეპ გვარდიოლას უკანასკნელი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა თავკაცის რანგში. მისმა სუპერგუნდმა კი, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იყო, ასპარეზობა უდრამატულეს ბრძოლაში, ფინალამდე ერთ ნაბიჯში მყოფმა დაასრულა.

1 თვის წინ
162 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ