როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკი ხუთშაბათს გასამართ "კლასიკოში" მონაწილეობას ვერ მიიღებს. პოლონელს ტრავმა აღენიშნება და ორი კვირით მოუწევს უქმობა.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, SPORT იუწყება, რომ "რეალთან" მატჩში რაფინიას ფერან ტორესი შეუწყვილდება.
სათადარიგოთა სკამზე იქნება ანსუ ფატი, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს.
რაც შეეხება მესამე შემტევს, იგი კვლავ პაბლო გავი იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩავი ერნანდესი ისევ 4 ნახევარმცველით აპირებს თამაშს.
ამ სქემამ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" უკანასკნელ "ელ კლასიკოში" წარმატება მოუტანათ, თუმცა მაშინ წინ არა ფერანი-რაფინიას დუეტი, არამედ ლევანდოვსკი და უსმან დემბელე მოქმედებდნენ, ცენტრში კი პედრი გონსალესი იდგა.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ბარსას" ზეგინდელი ჯახი კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის ეგიდით იმართება. ის თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.