9 თვის და 1 კვირის წინ
"მბაპეზე აღარ მკითხოთ" - ჩავი "სელტასთან" მატჩის წინ
"მბაპეზე აღარ მკითხოთ" - ჩავი "სელტასთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ვიგოს "სელტასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს 44 წლის სპეციალისტის პრესკონფერენციიდან:

"ჩემი შეცვლის კანდიდატები? ამას ვერ ვაკონტროლებთ, რაც ნორმალურია. ფეხბურთელები კარგად ვარჯიშობენ და მათში ერთიანობას ვხედავ. ერთიანნი ვართ პრეზიდენტთან და დეკუსთანაც. გასახდელში ერთიანობის, სიმშვიდისა და მუშაობის ატმოსფეროა."

"მბაპე? სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. რაც გაოფიციალურდა, ისაა, რომ იგი "პსჟ-ს" ტოვებს, მაგრამ ჩვენი სიტუაცია განსხვავებულია. სეზონი კარგად უნდა დავასრულოთ. წინ ჩემპიონთა ლიგის დუელიცაა. პასუხს ვერ გაგცემთ. მბაპეზე მეტი შეკითხვა აღარ დამისვათ. არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მე უნდა ვისაუბრო."

"ფრენკი დე იონგის წასვლა? ფრენკი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გუნდში ბედნიერად გრძნობს თავს. ამაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის. სეზონი კიდევ 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ტრანსფერებზე კი ახლა არ უნდა ვისაუბროთ. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ."

"ექნება თუ არა "ნაპოლისთან" მატჩს ხვალინდელი შეხვედრის სასტარტო თერთმეტეულზე გავლენა? არა. ხვალ ლა ლიგაში 3, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა უნდა ავიღოთ. "ნაპოლიზე" მერე ვიფიქრებთ."

"გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება გუნდისვე სასიკეთოდ მივიღე. კლუბს ყოველთვის საკუთარ თავზე წინ ვაყენებდი. ეს ნორმალურად მეჩვენება. ლა ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ისევ საბრძოლო გვაქვს."

შეგახსენებთ, რომ "სელტასა" და "ბარსას" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები