9 თვის და 1 კვირის წინ
"ჩემი შთაგონების წყარო ის არის" - რონალდ არაუხოს ინტერვიუ
"ჩემი შთაგონების წყარო ის არის" - რონალდ არაუხოს ინტერვიუ

"ბარსელონას" ურუგვაელი მცველი, რონალდ არაუხო ერთ-ერთ ესპანურ ტელეგადაცემას ჩაერთო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ამონარიდებს 24 წლის უკანახაზელის ინტერვიუდან:

"ჩემს ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "ბარსელონას" მსგავს გუნდში ვითამაშებდი."

"რამდენიმე წლის წინ აგენტმა მითხრა, რომ ევროპულ კლუბში გადავიდოდი, თუმცა არ გამიმხილა, თუ რომელში. მადრიდში ჩავედი და სასტუმროში ღამე ისე გავატარე, რომ არაფერი ვიცოდი. მეორე დღეს "ბარსელონაში" დამიძახეს. გაოგნებული ვიყავი."

"ლა ლიგის სხვა გუნდებში გადასვლაც შემეძლო. მითხრეს, რომ "ბარსა" თავიდან მხოლოდ სარეზერვო გუნდში ჩამრიცხავდა, ამიტომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა. მათ ვუპასუხე: "მე "ბარსადან" მაქვს შეთავაზება, ამიტომ მათ უნდა შევუერთდე."

"ფეხბურთში ყველაზე რთული რამ მწვერვალზე დარჩენაა. ეს ყველა ფეხბურთელის მიზანი უნდა იყოს."

"ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს უდიდესი გავლენა აქვს. გრძნობ, რომ იმედით, ძალითა და ენერგიით ივსები. ასეთ ტურნირზე თამაში განსაკუთრებულია. ყველა ოცნებობს მის მოგებაზე. "ნაპოლისთან" მატჩი მნიშვნელოვანია."

"კლუბს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ მადლობა ღმერთს, ახალგაზრდები გვეხმარებიან. ისინი სათამაშოდ მზად არიან და არაფრის ეშინიათ. მათ ვარჯიშზე ეჯახები, ფეხზე კი ისე დგებიან ხოლმე, თითქოს არაფერი მომხდარა."

"ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, ვისაც შევხვედრივარ? დემბელე."

"გავის ყოველთვის ტელეფონი უჭირავს ხელში. საერთოდ, ყველა ახალგაზრდაზე ამას ვიტყოდი."

"ვინ არის ჩემი შთაგონების წყარო? ასეთი ბევრი მყავს: პუიოლი, რიო ფერდინანდი, პიკე... ახლა ვან დაიკს დავასახელებდი."

"ლეო მესი და ლუის სუარესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნები იყვნენ. ისინი ძალიან დამეხმარნენ. როცა ლუისი წავიდა, გასახდელში ლეოს გვერდით აღმოვჩნდი. ყოველდღე ერთად ვისხედით და ჩაის ვსვამდით ხოლმე."

"ლეოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. განსხვავებას მოედანზეც ქმნის და მის მიღმაც. ის ლიდერი და მისაბაძი მაგალითია. მესი მენატრება."

"ხანდახან არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ფორმაში ხვდები "ელ კლასიკოს". ამ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

შეგახსენებთ, რომ არაუხომ "სელტასთან" გუშინ გამართულ მატჩში მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა. რონალდმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა "ნაპოლისთან" შეხვედრაში იგი გუნდს აუცილებლად დაეხმარება.


Facebook კომენტარები