

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს, სადაც იტალიურ "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონები კრიზისში არიან. TuttoMercatoWeb-ის ჟურნალისტის, ჯაკომო ლაკობელისის ცნობებს თუ დავეყრდნობით, ამ კრიზისის დასრულება ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ისევ მთავარი მწვრთნელის შეცვლით სურს. ეს შეიძლება "ბლაუგრანასთან" შეხვედრამდეც მოესწროს.
Relevo-ს ცნობით, "ნაპოლისთან" კონტრაქტს დღეს იტალიელი სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა გააფორმებს. ბოლოს იგი სლოვაკეთის ნაკრებს ედგა სათავეში.
კალზონას დებიუტი სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წინააღმდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "პარტენოპეი" გუნდის თავკაცს უკვე მეორედ ცვლის. გასული წლის ბოლოს მათ რუდი გარსია ვალტერ მაძარით ჩაანაცვლეს.
რაც შეეხება "დიეგო მარადონაზე" გასამართ დაპირისპირებას, იგი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.