"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, დეკუ მიუნხენის "ბაიერნის" კანადელი ფლანგელის, ალფონსო დევისის აგენტს შეხვდა, - იუწყება Jijantes.
შეხვედრა ბარსელონაში შედგა.
23 წლის მარცხენა მცველის წარმომადგენელი ჯერ მადრიდში იმყოფებოდა, შემდეგ კი კატალონიისკენაც გაემართა.
"ბლაუგრანას" ქომაგების ოპტიმიზმს სწორედ მადრიდის "რეალის" ფაქტორი აქრობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალფონსო "სამეფო კლუბს" უკვე შეუთანხმდა. ერთადერთი, რაც ტრანსფერის განხორციელებამდეა დარჩენილი, "რეკორდმაისტერთან" მოლაპარაკებაა.
მიუხედავად ამისა, დეკუსთან აგენტის შეხვედრის ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი არც ისე გადაწყვეტილია, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს.
ალფონსოს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისში ეწურება. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში კანადელმა 1 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.