2 თვის და 3 კვირის წინ
"უკეთ თამაში შეგვიძლია" - ილქაი გიუნდოგანის ვრცელი ინტერვიუ
"უკეთ თამაში შეგვიძლია" - ილქაი გიუნდოგანის ვრცელი ინტერვიუ

"ბარსელონას" გერმანელმა ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს აღნიშნული ინტერვიუდან:

"მე და ჩემი ოჯახი ბარსელონაში ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ პატარა ბავშვი გვყავს, რომელთან ერთად სეირნობა დეკემბერშიც კი შეგვიძლია."

"მომდევნო მწვრთნელი? ბევრმა სახელმა გაიჟღერა და ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ჰანსი ფლიკი არა მხოლოდ დიდებული ადამიანი, არამედ დიდებული სპეციალისტია, რაც "ბაიერნში" ტრიპლეტის მოგებით დაამტკიცა. იგი ეროვნულ ნაკრებში ძალიან რთულ სიტუაციაში მოვიდა, მაგრამ მუდამ გულწრფელი იყო და ამას პატივს ვცემდი."

"ვიცოდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ვუერთდებოდი, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს და აზრები ყველა საკითხზე იყოფა. ბალანსის შენარჩუნებას ვცდილობ."

"სიტიში" უფრო დიდ წნეხს ვგრძნობდი თუ "ბარსელონაში"? დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ზეწოლას საკუთარ თავზე თავად ვახორციელებ. საკმარისად ჭკვიანი ვარ, რომ ვიცოდე, როდის ვითამაშე კარგად და როდის ცუდად. კრიტიკა ხანდახან ოჯახის წევრებისგანაც მოდის. "დღეს უკეთესად თამაშიც შეგეძლო, ილქაი!" - მეუბნებიან ისინი."

"მომდევნო ორი-სამი თვე გადამწყვეტი იქნება. ეს სეზონის მთავარი მონაკვეთია. საკუთარ სხეულებს უნდა მოვუფრთხილდეთ, საუკეთესო ფორმაში შევიდეთ და თამაშის ხარისხი გავზარდოთ."

"რა თქმა უნდა, გუნდს უკეთ თამაშიც შეუძლია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ უკეთესი იყოს. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ბევრი სირთულე გამოვიარეთ, გვქონდა ტრავმები, ახალგაზრდები კი დიდი წნეხის ქვეშ მოექცნენ."

"ამ გუნდის არჩევაში ჩემთვის გადამწყვეტი როლი ჩავიმ ითამაშა."

"ჩავის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის ჭკვიანი ადამიანია, იცის რა უნდა და რა შედის გუნდის ინტერესებში. ჩავი დაფასებას იმსახურებს, რადგან გუნდს ყოველთვის საკუთარ თავზე წინ აყენებს. მას კლუბი ძალიან უყვარს."

"კიდევ რამდენ წელს გავატარებ "ბარსელონაში"? მინდა, რომ უკეთესი ვიყო და ვისიამოვნო იმ წარმატებით, რომელსაც აქ მივაღწევ."

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ნახევარმცველი "ბარსამ" 2023 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. მიმდინარე სეზონში მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა 10 ასისტი.


Facebook კომენტარები