1 წლის და 1 თვის წინ
"რეალი" ფავორიტია" - ჩავის პრესკონფერენცია "კლასიკოს" წინ
"რეალი" ფავორიტია" - ჩავის პრესკონფერენცია "კლასიკოს" წინ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "ბარსელონა" კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩაატარებს.

"ელ კლასიკომდე" ერთი დღით ადრე, "ბლაუგრანას" თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. სხვათა შორის, "მაესტრომ" 5-ჯერ გაიმეორა, რომ ხვალინდელ ჯახში ფავორიტი მადრიდის "რეალია".

"ვიცით, რომ "რეალი" ძალიან რთული მეტოქეა. ეს ორი მატჩია. ტურნირი ლა ლიგისგან და ევროპა ლიგისგან ბევრით განსხვავდება. ხვალ მოედანზე მოსაგებად და ხასიათის გამოსავლენად გავალთ. 100%-ს გავიღებთ. ტიტულის მოგება გვინდა."

"რეალი" კოპა დელ რეის მოგების ფავორიტია. ისინი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან. ესპანეთის სუპერთასს ამასთან არაფერი აქვს საერთო."

"ანსუ ფატი სასტარტო შემადგენლობაში? ანსუს დაბრუნება დიდებული ამბავია. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მას მოტივირებულს ვხედავ. იგი ფუნდამენტალური ფეხბურთელია."

"მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ფერან ტორესის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა უნდა დააბრალოთ. ფეხბურთელს სჭირდება ისეთი მატჩი, როგორიც "კადისთან" ჰქონდა. მას რწმენას ვაძლევთ, რათა განვითარება გააგრძელოს. ფერანს თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ის არის და იქნება მნიშვნელოვანი."

"ჩვენ კარგ სიტუაციაში ვართ. თვითკრიტიკა? დიახ. ხელიდან ოქროს შანსი გავუშვით? დიახ. "ალმერიასთან" რომ მოგვეგო, ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგს დავაფიქსირებდით. ამაზე ცოტა ითქვა."

"ელ კლასიკო" საუკეთესო მატჩია. მისი თამაში ექსტრაორდინალურ შეგრძნებას ბადებს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩასვლა ყოველთვის აღმაგზნებს ხოლმე."

"ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის შანსი ყველას აქვს. ალარკონს ვენდობი. ის მრავალმხრივი მოთამაშეა და "ბარსას" აწმყოშიც გამოადგება და მომავალშიც."

"ბარსელონასა" და "რეალს" შორის საფეხბურთო პატივისცემა არსებობს და ის უნდა შენარჩუნდეს. 2011 წლის ეპოქასთან ეს კავშირში არაა. მაშინდელივით ვეღარ მოვიქცევით."

"ხვალ დიდი გამარჯვება ჩვენთვის კარგი იქნებოდა, როგორც ეს ესპანეთის სუპერთასზე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს წინაშე რთული ოპონენტია... ვიმეორებ, რომ ისინი ფავორიტები არიან."

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ-კატალონიური დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები