1 წლის და 1 თვის წინ
ლევანდოვსკიმ მესის შედეგი გააუმჯობესა
ლევანდოვსკიმ მესის შედეგი გააუმჯობესა

"ბარსელონას" პოლონელი ცენტრფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს გოლით დაუბრუნდა. "ბარსას" ცხრიანმა გუშინ პედრის პასით ისარგებლა და "ნაპოლის" კარი აიღო.

საინტერესოა, რომ რობერტმა გუშინ "ბლაუგრანას" არგენტინელი ლეგენდის, ლიონელ მესის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლევანდოვსკი ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისტორიაში ყველაზე "ხანდაზმული" ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში აქვს გოლი გატანილი.

პოლონელი გუშინდელი მატჩისას 35 წლისა და 184 დღის გახლდათ.

აქამდე ეს რეკორდი "ლა პულგას" ეკუთვნოდა. 33 წლისა და 259 დღის ასაკში მესიმ "პარი სენ ჟერმენს" გაუტანა. ეს 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში მოხდა და, სხვათა შორის, გუშინდლამდე კატალონიელთა ბოლო გოლს წარმოადგენდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი ოფში.

ასეა თუ ისე, ლევანდოვსკის საკუთარი რეკორდისვე გასაუმჯობესებლად მინიმუმ 1 შანსი კიდევ ექნება. 12 მარტს "ბარსელონა" "ნაპოლის" უკვე შინ დაუხვდება.


Facebook კომენტარები