"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს რომ ესპანური პრესისადმი არც ისე კარგი დამოკიდებულება აქვს, ამის შესახებ შესანიშნავად მოგეხსენებათ. თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მან სწორედ მედია-საშუალებებისგან მომავალი აუტანელი ზეწოლა დაასახელა.
44 წლის სპეციალისტმა თავისი პოზიცია დღეს, "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგაც გამოხატა, რისთვისაც მან სარკაზმი მოიშველია.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩავის ასეთი რამ უთხრა: "20 წლის წინ თქვენ "ბარსელონას" ფეხბურთელი იყავით, სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჩემპიონდით." "მაესტროს" პასუხი კი შემდეგნაირი გახლდათ:
"გაოცებული ვარ. ეს პირველი დადებითი რამაა, რაც ჩემთვის 2 წლის განმავლობაში გითქვამთ. დიდი მადლობა!"
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ლა ლიგის ლიდერ "რეალს" ახლა 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "სამეფო კლუბს" 26-ე ტურის მატჩი ჯერ კიდევ სათამაშო აქვს. მადრიდელები ხვალ "სევილიას" დაუპირისპირდებიან.