საუდის არაბული კლუბები "ბარსელონას" 3 ვარსკვლავის გადაბირებით ინტერესდებიან, - იუწყება Mundo Deportivo. აზიელთა რადარზე რობერტ ლევანდოვსკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და რაფინია იმყოფებიან.
რაფინიამ არაბული შეთავაზება გასულ ზაფხულს გაისტუმრა უარით, თუმცა ისინი ბედს წელსაც სცდიან. კლუბში 26 წლის შემტევის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ იმასაც გაიგებენ, თუ ბრაზილიელი ლამინ იამალის საოცარ პროგრესს გაითვალისწინებს და წასვლას გადაწყვეტს.
საუდის არაბეთიდან წინადადებები ჰქონდა ლევანდოვსკისაც. "ბარსას" სურს, რომ პოლონელი გუნდში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში მაინც დარჩეს და ვიტორ როკეს მენტორობა გაუწიოს. საბოლოო სიტყვა მაინც რობერტზე იქნება, რომელსაც "ბლაუგრანას" დატოვებისკენ გული დიდად არ მიუწევს.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, გერმანელმა გოლკიპერმა იცის, რომ მისით ძალიან ძლიერი არაბული გუნდია დაინტერესებული, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ კიდევ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ფეხბურთელის არაბეთში გაყიდვის გამოცდილება უკვე აქვს. გასულ ზაფხულს მათ ფრანკ კესი "ალ აჰლის" 12.5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.