

"ბარსელონაში" მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნის შანსი მცირეა, - იუწყება მადრიდული გამოცემა Marca.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა სურს, რომ გუნდი ისეთ სპეციალისტს ჩააბაროს, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ჰანსი ასეთთა შორის არ გახლავთ, რადგან მას მხოლოდ გერმანიაში უმუშავია.
სხვადასხვა ქვეყნებში სამსახურის კრიტერიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეკუსთვის გახლავთ. ცხადია, ფლიკი, ვისაც გერმანია ფეხბურთელობის დროსაც კი არ დაუტოვებია, ამ პირობას ვერ დააკმაყოფილებს.
Marca-ს თუ დავუჯერებთ, 'ბლაუგრანას" თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის გაცილებით დიდი შანსი რობერტო დე ძერბისა და ტომას ტუხელს აქვთ.
ორივეს დოსიე შთამბეჭდავია, რამეთუ დე ძერბი ახლა ინგლისურ "ბრაიტონს" წვრთნის, იქამდე კი უკრაინულ "შახტარსა" და იტალიურ "სასუოლოს" ედგა სათავეში. რაც შეეხება ტუხელს, მის აქტივში გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში მუშაობის გამოცდილებაა.
შეგახსენებთ, რომ ტუხელს "ბაიერნი" სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება, "ბრაიტონიდან" დე ძერბის კონტრაქტის გამოსყიდვა კი 15 მილიონი ევრო ღირს.



