გერმანულ "ლაიფციგს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მთავარი სენსაციის მოხდენამდე ცოტა დააკლდა - "წითელმა ხარებმა" მადრიდის "რეალთან" სტუმრად ფრე ითამაშეს და თამაშის დამატებით დროში გადაყვანამდე სულ 1 გოლმა დააშორათ.
განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება გუშინ "პარი სენ ჟერმენიდან" "ლაიფციგში" განათხოვრებულმა ნიდერლანდელმა, ჩავი სიმონსმა დატოვა.
20 წლის ფეხბურთელმა 4 საგოლე შანსი შექმნა, პასების სიზუსტის მაჩვენებელი კი 92% ჰქონდა. მატჩის ყაიმით დასრულების შემდეგ ჩავიმ ცრემლებიც ვერ შეიკავა.
ასევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა დანი ოლმო. შეხვედრის ბოლო წუთებზე იგი შედევრთან გახლდათ ახლოს, მაგრამ მაღალი ტრაექტორიით ჩახვეული ბურთი ხარიხას მოხვდა.
სიმონსსა და ოლმოს ის აერთიანებთ, რომ წარსულში ორივე მათგანი "ლა მასიას" სისტემის ნაწილი იყო. Mundo Deportivo-ს თუ ვენდობით, კატალონიური გრანდის ქომაგები გუნდში მათ დაბრუნებას აქტიურად ითხოვენ. ამის დასკვნა სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარებისგანაც შეიძლება.
დანის "ბარსას" ლამის ყოველ ზაფხულს უკავშირებენ. დიდი ალბათობით, გამონაკლისი არც მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა იქნება. რაც შეეხება სიმონსს, ის ჯერ "პარი სენ ჟერმენში" დაბრუნდება, საკუთარ მომავალს კი ამის შემდეგ გადაწყვეტს.