"ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა. კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის ერთადერთი გოლი ედერ მილიტაომ საკუთარ კარში 26-ე წუთზე შეაგდო.
გუშინდელ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ბურთის ფლობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი (დაახლოებით 35%) ჰქონდათ. ბურთი უმეტესად "სამეფო კლუბს" ეჭირა და საგოლე მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა "თეთრებმა" კარში ზუსტადაც ვერ დაარტყეს.
მართალია, "ბლანკოსმა" რეალური საგოლე შანსიც ვერ შექმნა, კლუბში მაინც ფიქრობენ, რომ გამარჯვებას "ბარსა" არ იმსახურებდა. ამაზე ეს კომენტარებიც მეტყველებს:
კარლო ანჩელოტი: "ბარსას" მოგება არ დაუმსახურებია. მაღალი პრესინგის კუთხით, ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. "კამპ ნოუზეც" ასე უნდა ვითამაშოთ."
ტიბო კურტუა: "თამაშს ვაკონტროლებდით. მათ თავდაცვა აირჩიეს. გაშვებული გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა. მათ გამარჯვება არ დაუმსახურებიათ."
ლუკა მოდრიჩი: "ჩვენ საკმარისი შანსები შევქმენით, გოლი რომ გაგვეტანა, მეტოქეს კი ძალიან გაუმართლა. უკეთესები ვიყავით. მჯერა, ორმატჩიანი დუელის შემობრუნება შეგვიძლია."
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 6 აპრილს, "კამპ ნოუზე" შედგება.